რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს  შეხვდა.

ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ესტონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.