2020-09-30 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის - „სიყვარულს უშენებია“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დაბა წყნეთში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ეზოში ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში - „სიყვარულს უშენებია“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა კავშირის თანამშრომლობით წლეულს პირველად ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები (16-დან 35 წლამდე), რომლებმაც წარმოადგინეს პოეტური ნაწარმოებები მშვიდობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის თემებზე. ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი საუკეთესო ავტორი - როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ბექა ახალაია, ივდითი კვიტია და ქეთევან ნათელაძე გამოარჩია და ისინი დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სამინისტროს კულტურისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურის უფროსი კახაბერ ძაძამია.
ახალგაზრდა პოეტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს: ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ; მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ; საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ ბაღათერ არაბულმა; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა, პოეტმა მანონ ბულისკერიამ; პოეტმა, ფილოლოგმა ქეთევან შენგელიამ და ჰ. გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა №29-ის დირექტორმა მარინე მამისაშვილმა.
დასასრულ ჰ. გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; ჰ. გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა №29.