კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულმა ფედერაციამ საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის თასზე გამართა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
 
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დევნილი და არადევნილი მხედრები. ასპარეზობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და შეჯიბრის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი გახდა ნატალია მიშკოვა („კაჭრეთის ამბასადორი“), მეორე ადგილზე გავიდა თეონა ლაშხია („მუხრანი“), ხოლო მესამე ადგილი დაიმსახურა აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა მხედარმა ნინო ჯახაიამ. შეჯიბრში აფხაზეთის სახელით კიდევ ერთი მხედარი - ნიკოლოზ ვეშაპიძე მონაწილეობდა.
 
გამარჯვენულებს აფხაზეთის თასი და სხვა პრიზები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საცხენოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.