აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, გრძელდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

მოსახლეობის ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია თბილისის ზღვის და ბაგების სტუდქალაქის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“-ს და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები,  პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.