რუსლან აბაშიძემ და დავით ფაცაციამ ალექსანდრე ბერულავას ოჯახს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის შეარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული ჟურნალისტის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბერულავას მეუღლეს და ოჯახის წევრებს ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის კონფლიქტის დროს ალექსანდრე ბერულავა მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, შემდეგ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად. სოხუმის ბრძოლების დროს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.