ეკა ხოფერია აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებში, კერძო კომპანიებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული წარმატებული ახალგაზრდები.

მინისტრმა ყურადღება აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელებზე შეაჩერა და სტუმრებს მიმართა: „გვინდა, აფხაზეთის წარმატებულმა ახალგაზრდებმა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გაგვიზიაროთ რჩევები, წინადადებები, როგორ, რა გზით ვიაროთ, რომ ამ სკოლების ბავშვებს დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ“.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ითქვა, რომ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია მათი ჩაბმა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციებსა და ფორუმებში და ა. შ.

დასასრულ შეთანხმდენ, რომ შეიქმნას აფხაზეთის წარმატებული ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი იდეებით, წინადადებებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით  შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.