ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა,აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა,ქეთევან ბაკარაძემ და აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიამ
სართიჭალაში, ყოფილი სამხედრო ქალაქის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ხარების დღესასწაული მიულოცეს და სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.
ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით და კომპანია ,,გაგრა+“-სა და ,,ბარამბო"-ს მხარდაჭერით განხორციელდა.