საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით იქ არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აღნიშნული კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრები, მოუსმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალურ მომსახურებაზე ზრუნვისათვის და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიწოდება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კონფლიქტის მოგვარების, რამეთუ ვფიქრობ, ყველაზე კარგი საურთიერთობო ენა არის ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეები გადმოდიან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურებები და მათში კმაყოფილების ინდექსი არის საკმაოდ მაღალი. თუმცა არის გარკვეულწილად პრობლემური საკითხებიც, მათ შორის, საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, ასევე, ამ სერვისების არსებობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობაზე. აშკარად გასაუმჯობესებელია ინფორმაციული უზრუნველყოფა, რათა იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა იცოდნენ რომ გარკვეული სარგებელი არსებობს მათთვის და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამასთანავე ყველა პროგრამას სჭირდება მიმდინარეობის ეტაპზე გარკვეული კორექტირებები, ზედამხედველობა და სწორედ ამაზე იმსჯელეს შეხვედრაზე. მისი თქმით, სოციალური მომსახურების კუთხითაც გარკვეული საკითხები არის გასაუმჯობესებელი.

„სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. იქ ადგილზე, კერძოდ, გალის რაიონში, სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული სექტორი მუშაობს, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების კუთხით, სადაც ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება სამედიცინო სერვისები. თუმცა, არის სამედიცინო მომსახურების ის სახეები, რომლებიც ადგილზე ვერ ხორციელდება და ამისათვის მოქალაქეები გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტის მართვასაც სჭირდება გარკვეული საფინანსო კონტროლი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სისტემა იყოს უფრო მეტად გამართული და ეფექტური და, შესაბამისად, მოქალაქეებმაც უფრო მეტი სარგებელი მიიღონ. რაც მთავარია, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იმისათვის, რომ ურთიერთობები აღდგეს და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოებრივი მართვაც სრულფასოვანი გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.