აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თბილისში, აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა  სკრინინგი) ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

სამედიცინო აქცია COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.