გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი შესრულდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ-თეა ახვლედიანთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-მალხაზ თორიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
 
„დღეს, 5 წელი შესრულდა, გაუტეხელი გმირის, ვაჟკაცის, მოუდრეკელი ქართველის, სამშობლოსთვის თავდადებული - გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საკუთარ სამშობლოში თავისუფალი გადაადგილებისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად იქნა მოკლული 2016 წლის 19 მაისს.
 
ვერცერთი სიტყვა და ვერანაირი ქმედება ვერ იქნება საკმარისი გიგა ოთხოზორიას ოჯახის გასამხნევებლად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შვილმკვდარ დედას, ქალბატონ ჯულიეტას, საქართველოს უერთგულესი შვილის აღზრდისათვის. სწორედ თქვენ ბრძანდებით ყველაზე ძლიერი და ღირსეული დედა, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. ქედს ვიხრი თქვენი გამძლეობის წინაშე.
 
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით თანადგომას ვუცხადებ მათ.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
 
აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, სოფელ ხურჩაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფულების აღკვეთა მიუსაჯა.
 
დავით ფაცაცია, ასევე ესტუმრა ოთხოზორიების ოჯახს და გიგა ოთხოზორიას შვილებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა საჩუქრად.