2021-05-27 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
27 მაისი - ქართული დიასპორის დღე
გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის აღნიშვნა, რადგან ქართულ დიასპორას და დიასპორულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყნის განვითარებაში, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებაში. სიმბოლურია, რომ ეს დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მომდევნო დღეს - 27 მაისს აღინიშნება!
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ონლაინ ფორმატში შევხვდი - ბელგიის სამეფოში, შვედეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ჩართულიბა და როლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებასა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებლობის გაზრდაში. ასევე, განვიხილეთ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები.
სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილი ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც მიმართული იყო - დეოკუპაციის პროცესში დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობისკენ, ასევე მსოფლიოსთვის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების გაზიარებისკენ. თუმცა, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ ნაწილში მცირე ნაბიჯი გადავდგით და ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ აქტიურობას.
მადლობას ვუხდი ჩვენს თანამემამულეებს აქტიურობისთვის, რადგან ეს დაინტერესება, დეოკუპაციის, აფხაზეთის თემის წინ წამოწევის და საერთაშორისო ჩართულობის კუთხით, მათ შორის მათი საერთაშორისო გამოცდილება, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, განვითარებისა და პოპულარიცაზიის პროცესში.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, განვითარდება და გაძლიერდება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართული დიასპორის წამომადგენლების აქტიურობა იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ არის ჩვენთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნება უფრო მეტი პროგრამა განვახორციელოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართული დიასპორების წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს და გისურვებთ ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას!