დავით ფაცაციამ ბათუმში სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დავით ფაცაციამ ბათუმში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა.

საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების ციკლი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა, მიზნად ისახავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის თემის აქტუალიზაციას, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებაში ნდობის აღდგენის და სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.