ბოლნისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ვახტანგ ყოლბაია დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა" ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლები „გამარჯობა სოხუმო" და ბრანდონ ტომასის „ჩარლის დეიდა" წარადგინა.

გუშინ გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია. კულტურის სახლში გამართულ სპექტაკლს ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ფალავანდიშვილი, ბოლნისში ჩასახლებული დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 20 მაისს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. ეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ყვავილების, წიგნებისა და ფოლკლორული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. იმართება სხვადასხვა თეატრალიზებული წარმოდგენები და კონცერტები.