საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.
პროექტის პირველი სემინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. ღონისძიებას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ესწრებოდა.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.