აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე, ქართველი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების - „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" პერსონალური გამოფენა მოეწყო.

თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლება დემოკრატიისათვის" ინიციატივით, პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი"-ს ფარგლებში, მხატვარმა დავით ბაძაღუამ  შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის - ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის და სხვ. - ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია. გამოფენაზე მხატვრის სხვა ფერწერული ნამუშევრებიც, სულ 45-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი.

გამოფენას აფხაზეთის უამღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები დაესწრნენ.

ივნის-ივლისში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში, ზუგდიდსა და კასპში გაიმართება.

მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა, მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე, კონკურსებში, მოსწონთ მისი შემოქმედება და ერთხმად აღიარებენ მის ჭეშმარიტ, შემოქმედებით ნიჭს.