თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით პროგრამის - "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში თბილისის ზღვის დასახლებაში, სანატორიუმ ,,ტურბაზაში’’, "ოქროს საწმისში’’ და ,,ქართლში’’ რეგისტრირებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
 
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
 
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრი დევნილებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.