წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ახალ დასახლებაში რეგისტრირებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.