აფხაზეთის საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბარომეტრია

ბუნებრივია, სადღეისო რეალიების პირობებში აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა პუბლიკაცია და კერძო თვალსაზრისი თითქმის ყოველთვის სუბიექტურია. მე აფხაზეთის დაბრუნების და აფხაზეთში დაბრუნების იდეით ვცხოვრობ და წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ ჩემი ესსე არამართებულად მოგეჩვენოთ. იმაში კი უნდა დამეთანხმოთ, რომ არც კომპიუტერული პროგრამა არსებობს, რომელიც მზა რეცეპტებს ამოგვიბეჭდავს ან რაიმე აპარატი, რომელშიც ჩააგდებთ მონეტას და მიიღებთ ძმათამკვლელი დაპირისპირების გადაწყვეტის მრავალუცნობიანი ეთნო-პოლიტიკური განტოლების ცალსახა ამონახსენს...

იმპერიის ნგრევის პირობებში, მრავალსაუკუნოვანი ქართულ-აფხაზური ძმობისა და ისტორიული თანაცხოვრების ურთულეს ეტაპზე, რუსეთის ექსპანსიით პროვოცირებული დამანგრეველი ძმათამკვლელი ომის ტრაგედიას უალტერნატივოდ უნდა მოჰყვეს მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ფერისცვალების ურთულესი პროცესი. ყველა ომი ხომ მოლაპარაკებებით მთავრდება. მოლაპარაკება კი ომზე ბევრად ძნელია. თუ ამ პარადიგმაზე ვერ შევთანხმდით, ჩემი რწმენით, აზრს კარგავს ყოველგვარი დისკუსია აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის სასურველ პერსპექტივებზე.

კონფლიქტი ღრმა ჩიხშია. პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ძალთა დისპოზიცია კვლავ უცვლელია იმის გამო, რომ არც ერთი მხარე არ არის მზად მნიშვნელოვანი, არსებითი, მაქსიმალური, გონივრული კომპრომისისთვის. ვერანაირი ტრანსფორმაცია ვერ განიცადა მხარეების წარმოდგენებმა წარსულსა და მომავალზე... ყველაფერი გაიყინა დროსა და სივრცეში. იძულებითი ურთიერთლოიალურობის რეჟიმიც კი ვერ დამყარდა. პოლიტიკურ კალენდარს უცვლელად აწერია „არც ომი, არც მშვიდობა“.

მწარე სიმართლე ის გახლავთ, რომ ქართულ და აფხაზურ პოლიტიკურ ელიტებსა და მოძმე ხალხებს შორის დიალოგი ჯერ არც კი დაწყებულა!. მიზეზი მარტივია - კონფლიქტი სულ უფრო კარგავს შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის მახასიათებლებს. კარგია ეს თუ ცუდი, ეს კიდევ საკითხავია... საგარეო ფაქტორები და საერთაშორისო ფასილიტატორების როლი წარმოჩენილია უალტერნატივო პრიმატის რანგში. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ პანაცეა ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან კომპრომისი კი არ არის, არამედ სატელიტების შესაძლო ხელშეწყობით, უშუალოდ ქართულ-აფხაზური, პირდაპირი, ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი და ამ დიალოგის წარმატებაა. სწორედ დიალოგის, ნდობის ხარისხის პოზიტიური შედეგები უზრუნველყოფენ აფხაზეთის კვანძის გახსნას.

დამეთანხმებით, რომ 20 წელია ვერ იქნა მიღწეული კონფლიქტების მოგვარების ცივილიზებული, მშვიდობიანი გზებით გადაჭრის ერთიანი, სისტემური, დოქტრინალური და კონცეპტუალური მიდგომა და კონფლიქტების მენეჯმენტი. სწორედ სამშვიდობო მენეჯმენტი, რადგან კონფლიქტის მართვის გარეშე პროგრესი ამ საქმეში არასდროს არ იქნება. დღემდე, უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის დეკლარირებული აფხაზეთის ტრაგედიის ყოვლისმომცველი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, სამხედრო-პოლიტიკური წარუმატებლობის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, ხელისშემწყობი თუ ხელისშემშლელი საშინაო და საგარეო ფაქტორები.

მინდა სწორად ვიყო გაგებული: გაყინულ და კონსერვირებულ კონფლიქტში პიროვნული და სახელისუფლო ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. მათი როლი მზარდია. ისიც ბუნებრივია, რომ თბილისისა და სოხუმის ლიდერები და ელიტები ცდილობენ კონფლიქტის მოუგვარებლობის სპექტრის გამოყენებას ხელისუფლების მოპოვების, მისი შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის. ძალიან დიდია პოლიტიკურ ძალთა ცდუნება მიაღწიონ პროგრესს ამ პროცესში. ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად და საზოგადოებების კონსოლიდაციის საფუძვლად აფხაზეთის საკითხის გამოყენება არაახალია, ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ ვაჭრობაში ორ ძაღლს ერთ ძვალს არ უგდებენ. აგრესიული მუქარების რიტორიკა, პოლიტიკური მანიპულირების და სპეკულაციის იარაღად კონფლიქტის მოუგვარებლობის თემატიკის გამოყენება ხშირად აბსურდამდე დადის.

ქვეყნის გამთლიანება, ფუძეაყრილთა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება, ჩვენი აფხაზი ძმების ფსიქოლოგიურად საქართველოსკენ შემობრუნება, რომელთაც დღეს აღარ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებად იწოდებოდნენ, შესაძლებელია არა ომით და რევანშის დროშების ფრიალით, არამედ სახელმწიფოში თავისუფლებისა და სამართლიანობის დამკვიდრებით, თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტების დაფუძნებით, სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებით. მხოლოდ დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოებათა ურთიერთქმედება არის გზა კეთილდღეობისკენ და ისეთი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩვენთვის და აფხაზებისათვის, იქ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისათვის.

აფხაზური ლაბირინთის ამონახსენი პირდაპირპროპორციულია აფხაზეთის ენგურგაღმა და ენგურსგამოღმა საზოგადოების მზაობის ხარისხისა. ფაქტობრივად, აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალი საზოგადოების როლი და მნიშვნელობა აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში შეგნებულად თუ შეუგნებლად წლების მანძილზე გამოუყენებელია, უფრო ზუსტად, იგნორირებულია. იგი არ განიხილება, როგორც კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური პროცესის მთავარი და გადამწყვეტი პოლიტიკური რესურსი.

სამწუხაროდ, აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობა არ ფლობს რეალურ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და სოციალურ ბერკეტებს. დღემდე ვერ მიიღწია ასეთი კომპეტენციის დელეგირება. ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ პოლიტიკურად დაქსაქსული, არაქმედითუნარიანი აფხაზეთის ქართველობის ფენომენი უფუნქციოდ აღმოჩნდა. უშუალოდ დევნილები, ავტორიტეტული, გავლენიანი, კეთილსინდისიერი პიროვნებები არ არიან ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ სტრუქტურებში, აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე უწყებებში. მათ არ გააჩნიათ ტელევიზია და გაზეთი, ფრაგმენტულია მათი მონაწილეობა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში და საერთაშორისო ღონისძიებებში. თუნდაც „პოლიტიკურ ტურიზმად“ შერაცხულ ქართულ-აფხაზურ არაფორმალურ შეხვედრებში, რომელთა მნიშვნელობა ჩემი აზრით ძალზე დიდია.

იქნებ დადგა დრო, დასრულდეს თანამდებობრივი ექსპერიმენტები აფხაზეთთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ შინააშლილობის, თანამდებობრივი კინკლაობის მწარე გამოცდილება გადმოგვყვა სოხუმიდან...

ერთის მხრივ, ცხარე დებატები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარის კანდიდატურებზე სასარგებლოც არის, ვინიდან ეს დისკუსია პროვოცირებს აფხაზეთის მივიწყებულ პრობლემატიკაზე საჯარო დისკუსიებს. ამასთანავე, მიუღებელია წრეგადასული ცილისწამება და არაკორექტულობა.

ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთან 37 წლის თანამოაზრეობა და მეგობრობა მაკავშირებს. ეს მისი ოპონენტებისათვის ცნობილია. ეს არანაირად არ მზღუდავს საჯაროდ განვაცხადო: მისი პოლიტიკური, საქმიანი და პირადი თვისებები, დიდი გამოცდილება სრულად პასუხობენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობას. მთავარი ის გახლავთ, რომ ის კომპეტენტური პრაგმატიკოსია! მას კარგად აქვს გაცნობიერებული აფხაზეთის შემომტკიცების სისხლ-ხორცეული აუცილებლობა, ჩინებულად იცნობს აფხაზეთს, აფხაზეთის საზოგადოებას, ადათ-წესებს, ეთნიკურ თავისებურებებს, მენტალობას, გააჩნია აუცილებელი პირადი და ახლო ნათესაური კავშირები. იგი ომის შემდეგ ჭირსა და ლხინში გვერდით ედგა ჩვენს თანამემამულეებს და მათ შორის, ყველასგან მიტოვებულ გალის რაიონს.

კონფლიქტის „თეთრ ლაქებს", პასუხგაუცემელი კითხვების სიჭარბეს, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებსა თუ დანაშაულებრივი უმოქმედობის ფაქტების სიმრავლეს ბატონ ვახტანგს ნუ მივაწერთ. ბატონი ვახტანგის კანდიდატურა რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ წარუდგენია, ეს იყო ლოგიკური მოვლენა, რომელიც არავის გაკვირვებია. ის არ არის და არც ყოფილა პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება!

ზურაბ ერქვანია, აფხაზეთის ექს-მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.