რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„სოხუმის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. დღევანდელი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღი. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ბევრი ღირსეული მამულიშვილი, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ გარდაცვლილებს, რათა მათი სახელები არ მიეცეს დავიწყებას.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ შეიარაღებულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ჰყავს და დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. 

მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. ნდობის მშენებლობის ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის დანაკარგი და ერთმანეთისთვის ჭრილობების მოშუშებით, ერთმანეთის უფლებებისა და ღირსებების პატივისცემით უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ შერიგებისკენ.

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, ევროპულ და ერთიან სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.