მარტვილში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.
 
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს:
 
1. ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
2. მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
3. პედიატრის კონსულტაცია;
4. სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
5. ნევროლოგის კონსულტაცია;
6. ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
7. რადიოლოგიური კვლევა;
 
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის, ოფთამოლოგიური კლინიკა ახალი მზერის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის ბიჭვინთის ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
 
სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
 
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან კოორდინაციის სამსახურის თანამშრომელი აბესალომ ერქვანია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.