13 ნოემბერს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე) ქ. ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზში „კლასიკური მუსიკის კონცერტი“ გამართა.
კონცერტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ - ფარგლებში ჩატარდა.
აფხაზეთის კაპელა დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. კონცერტს ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ქ. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, აფხაზეთის საგუნდო კაპელის კონცერტის პარალელურად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“ - მოეწყო. აქვე მინისტრი ეკა ხოფერია შეხვდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც აფხაზები არიან და აქ მუჰაჯირობის ან ბოლო დროინდელი მოვლენების გამო გადმოსახლდნენ. ეკა ხოფერია პედაგოგებსა და მოსწავლეებს მომავალ თანამშრომლობაზეც ესაუბრა.