აფხაზეთის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჩაერთო

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით სოფელ ჭითაწყარში, „ევექსის“ კლინიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

იმუნიზაციის კამპანიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ვაქცინების და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები. მოსახლეობას ნებაყოფლობითი ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და ვაქცინაცია მაღალკვალიფიციურმა ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ვაქცინაციის ცენტრამდე დევნილების ტრანსპორტირება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, იმუნიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.