რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს გააცნო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა UNDP-ის ახალ ხელმძღვანელს ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის პანდემიის პირობებში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური როლი და ჩართულობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს UNDP-ის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა ჰუმანიტარული და სამშვიდობო წამოწყებების და ინიციატივების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

შეხვედრას UNDP-ის კრიზისის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და აფხაზეთის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.