რუსლან აბაშიძე პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიების გახსნას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნებული პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი.

პროფესიული უნარების სააგენტოს როლი და ფუნქცია იქნება საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებასა და ეფექტიან კოორდინაციას. სააგენტოს შექმნას წინ უსწრებდა კვლევები და ხანგრძლივი კონსულტაციები საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებთან. სწორედ საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ინიციატივისა და ინოვაციურობის გამო, პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად.