ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ ქალ მეწარმეებს 8 მარტი მიულოცა და მათ საქმიანობას გაეცნო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან თევზაიამ დევნილ ქალ მეწარმეებს 8 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრი, კომპანია ,,კარფური’’-ს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსთან , ნინო რამიშვილითან ერთად რამდენიმე სამეწარმოს, მათ შორის საკონდიტრო ,,ასორტს", ,,ივერია ტექს" ობიექტებს სტუმრობდა და მეწარმეები საქმიანობას გაეცნო.
ლევან თევზაიას განცხადებით, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავარესი პრიორიტეტია.
,,სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დღეს ჩვენ მოვინახულეთ დევნილი მეწარმე ქალბატონები, გავეცანით მათ წარმატებულ საქმიანობას და მივულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა მიერ შექმნილი საწარმოები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიკური სექტორია. დამოუკიდებელი და სტაბილური მცირე ბიზნესის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს ეკონომიკის საფუძველს და წარმატებული მომავლის საწინდარს. ქალთა გაძლიერება ბიზნესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას’’-განაცხადა ლევან თევზაიამ.
ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივითა და კომპანია ,,კარფური“-ს მხარდაჭერით მოეწყო.