დავით ფაცაციამ ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერიასთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

„ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში და ყველა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირი, რომელთა ისტორიებზეც იზრდებიან თაობები. სწორედ ასეთი არის, საქართველოს ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა.

ჟიული შარტავა მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია და მეამაყება, რომ ვცხოვრობ იმ პერიოდში, როდესაც ის იდგა საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე.

მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალიხმევით, შევძელბთ იმ ღირებულებებისა და მიზნების დაცვას, რისთვისაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ჟიული შარტავა და მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებას.“ - აღნიშნა დავით ფაცაციამ.