რუსლან აბაშიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესი ორივე განზომილების - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს და გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მის გავლენაზე გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ექსპერტებმა.