ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად მედიცინის დამსახურებულ მუშაკებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლინებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინახაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის 35 მედიცინის მუშაკი და ის 20 კლინიკა დაჯილდოვდა, რომელთანაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამაშრომლობა აკავშირებს.

თითოეულ ექიმს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. აფხაზეთში მოღვაწე სამედიცინო პერსონალის რაოდენობა დიდია, ამიტომ სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შემდგომშიც განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს