რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოჯახთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

„ქრისტე აღდგა!

ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - უდიდესს, ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, საყოველთაო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის  ზეიმია. ქრისტიანული სამყაროს ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა რწმენითა და სიხარულით გვავსებს. ქრისტეს ჰუმანური და მიმტევებლური ბუნება თითეული ჩვენგანისთვის მაგალითის მომცემია. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის პატივისცემითა და დაფასებით შეძლებს სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებას და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას.

კიდევ ერთხელ მთელი გულით ვულოცავ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.