იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სტუდენტებთან შეხვედრისას დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების საკითხებზე ისაუბრა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა და არსებულ რეალობაში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდების ჩართულობას ვეყრდნობით. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე”-განაცხადა მინისტრმა.
სტუდენტებს ნანა გაბელიამ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა გააცნო და მინისტრის აპარატის გეგმებზე ისაუბრა. მან სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ასევე საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.