ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის საჯარო მოხელეებისთვის პროექტი „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“ დასრულდა.

პროგრამის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ  და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში, დღეს ასევე, ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“  პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მინისტრის აპარატის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.