ვახტანგ ყოლბაია სასტუმრო „ბახტრიონში“ ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა თხოვნით თბილისში, წყალსადენის 7 ნომერში, სასტუმრო „ბახტრიონში", ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი 1000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებს ბოდიში მოუხადა, რადგან მათთან შეხვედრა აქამდე ვერ მოახერხა, ასევე გააცნო მთავრობის საქმიანობა რეგიონებში, ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული ღონისძიებები. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა დევნილებისგან მოისმინეს და განიხილეს ის პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ. დევნილთა თხოვნით, ვახტანგ ყოლბაიამ მათ აფხაზეთის ტელევიზიის აღდგენის მიმდინარე პროცესი გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში მიწების დამუშავებისა და დევნილთა დასაქმების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე დევნილებმა დასვეს საკითხი შიდა და გარე კანალიზაციის სისტემების მოწესრიგების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და საცხოვრებელი ფართის გაზრდის თაობაზე.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა 20 აგვისტოდან 10 დან 15 წლამდე დევნილ ბავშვებს ბაკურიანში დასასვენებლად გამგზავრების პირობა დაუდო, სტუდენტებს კი მოუწოდა, მიმართონ სპეციალური განცხადებით და ჩაერთონ პროგრამაში, რომელიც წარმატებულ დევნილ სტუდენტთათვის 300 ლარზე მეტ დახმარებას გულისხმობს. ჯანმრთელობის მინისტრ ქეთევან ბაკარაძეს დევნილებმა ამბულატორიის გახსნის თხოვნით მიმართეს, აფხაზეთის ჯანმრთელობის მინისტრმა დევნილებს ამ საკითხის უახლოეს მომავალში განხილვა და მისი გადაწყვეტის გზების გამონახვა შეპირდა.

შეხვედრის ბოლოს, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელშეწყობით აშენებული მამათა მონასტერი მოინახულეს და ლოცვას დაესწრნენ.

„ისე მოხდა, რომ აქამდე ამ კომპაქტურ ჩასახლებაში არ ვყოფილვარ, რაც ძალიან სამწუხაროა. მიკვირს ერთი რამ, რაც თითქმის ყოველ დევნილს ახასიათებს - ამდენი ტკივილი, ამდენი უსამართლობა, ამდენი პრობლემური საკითხი საბინაო პირობებსა თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, არ შემხვედრია გაბოროტებული ადამიანი, არ შემხვედრია კაცი, რომელიც მოთმინებით და იმედით არ უყურებს თავის მომავალს. ავიღოთ თუნდაც გაფართოების საკითხი, 12 კვადრატულ მეტრში 7-8 სული ცხოვრობს. ათას ასი ადამიანიდან სამასი ბავშვია. ასეთი შობადობა კომპაქტურად ჩასახლებულ ბევრ პუნქტში არ მეგულება. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ ცხოვრებას ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ ასეთი დემოგრაფიული მონაცემი. ასეთივე პრობლემატურია მიწის დაკანონების საკითხი, რომელსაც დიდი ხანია ფლობენ ეს ადამიანები, ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ მოსავალი, მიწა ხომ მათი გამოკვების ერთ-ერთი საშუალებაა. მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაჭრა. საჭიროა კომპლექსური მიდგომაც და საკითხის განზოგადებაც. აუცილებელია ჩვენი მთავრობის მერიასთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ეს რთული საკითხები დროულად გადავწყვიტოთ. ბატონი დავით ნარმანია ბრძანდებოდა ამ ჩასახლებაში, მისთვის ეს პრობლემები ცნობილია და დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერი ამ საკითხს დევნილების სასარგებლოდ გადაწყვეტს. მაგრამ მარტო სახელმწიფოს გაუჭირდება ამ პრობლემებთან გამკლავება. საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ინვესტორების, დონორების მოზიდვა. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ. არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა მამათა მონასტერზე, რომელიც დევნილების დიდი ხელშეწყობით აშენდა. ეს დიდი შვებაა დევნილთათვის, როცა მათ სალოცავი აქვთ. ამ ეკლესიაში ლოცულობს ყველა და ალბათ ეკლესიის მადლია ისიც, რომ ათას ასი ადამიანისგან შემდგარ ჩასახლებულ პუნქტში განსაკუთრებული აურა იგრძნობა", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები სასტუმრო „ბახტრიონში", ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა თხოვნით თბილისში, წყალსადენის 7 ნომერში, სასტუმრო „ბახტრიონში", ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი 1000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა დევნილებისგან მოისმინეს და განიხილეს ის პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ. დევნილთა თხოვნით, ვახტანგ ყოლბაიამ მათ აფხაზეთის ტელევიზიის აღდგენის მიმდინარე პროცესი გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში მიწების დამუშავებისა და დევნილთა დასაქმების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე დევნილებმა დასვეს საკითხი შიდა და გარე კანალიზაციის სისტემების მოწესრიგების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და საცხოვრებელი ფართის გაზრდის თაობაზე.შეხვედრის ბოლოს, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელშეწყობით აშენებული მამათა მონასტერი მოინახულეს და ლოცვას დაესწრნენ.

„ისე მოხდა, რომ აქამდე ამ კომპაქტურ ჩასახლებაში არ ვყოფილვარ, რაც ძალიან სამწუხაროა. მიკვირს ერთი რამ, რაც თითქმის ყოველ დევნილს ახასიათებს - ამდენი ტკივილი, ამდენი უსამართლობა, ამდენი პრობლემური საკითხი საბინაო პირობებსა თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მოუხედავად ამისა, არ შემხვედრია გაბოროტებული ადამიანი, არ შემხვედრია კაცი, რომელიც მოთმინებით და იმედით არ უყურებს თავის მომავალს. ავიღოთ თუნდაც გაფართოების საკითხი, 12 კვადრატულ მეტრში 7-8 სული ცხოვრობს. ათას ასი ადამიანიდან სამასი ბავშვია. ასეთი შობადობა კომპაქტურად ჩასახლებულ ბევრ პუნქტში არ მეგულება. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ ცხოვრებას ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ ასეთი დემოგრაფიული მონაცემი. ასეთივე პრობლემატურია მიწის დაკანონების საკითხი, რომელსაც დიდი ხანია ფლობენ ეს ადამიანები, ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ მოსავალი, მიწა ხომ მათი გამოკვების ერთ-ერთი საშუალებაა. მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაჭრა. საჭიროა კომპლექსური მიდგომაც და საკითხის განზოგადებაც. აუცილებელია ჩვენი მთავრობის მერიასთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ეს რთული საკითხები დროულად გადავწყვიტოთ. ბატონი დავით ნარმანია ბრძანდებოდა ამ ჩასახლებაში, მისთვის ეს პრობლემები ცნობილია და დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერი ამ საკითხს დევნილების სასარგებლოდ გადაწყვეტს. მაგრამ მარტო სახელმწიფოს გაუჭირდება ამ პრობლემებთან გამკლავება. საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ინვესტორების, დონორების მოზიდვა. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ. არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა მამათა მონასტერზე, რომელიც დევნილების დიდი ხელშეწყობით აშენდა. ეს დიდი შვებაა დევნილთათვის, როცა მათ სალოცავი აქვთ. ამ ეკლესიაში ლოცულობს ყველა და ალბათ ეკლესიის მადლია ისიც, რომ ათას ასი ადამიანისგან შემდგარ ჩასახლებულ პუნქტში განსაკუთრებული აურა იგრძნობა", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაია მსოფლიო მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ აფხაზეთიდან დევნილ ზაურ მეშველიანს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი ვახტანგ ყოლბაია მსოფლიო მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულ, სოხუმიდან დევნილ ზაურ მეშველიანს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ მას მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრად მობილური ტელეფონი და წიგნები გადასცა.

ზაურ მეშველიანი 16-18 ივლისს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში 55-ე მსოფლიო მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა და სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ის ქ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.

ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად ზაურ მეშველიანს გამარჯვება აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილი და ზაურ მეშველიანის მწვრთნელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს მათემატიკის მსოფლიო საოლიმპიადო მოსწავლეთ გუნდის თანალიდერი გივი ნადირაძე.

ფესტივალმა ,,არტ-გენმა“ აფხაზეთის დღეს უმასპინძლა

დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალმა „არტ-გენმა" აფხაზეთის დღეს უმასპინძლა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ფესტივალზე, აფხაზეთის დღის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლმა, და სახელოვნებო სკოლა „აფხაზეთი 2"-მა. ასევე მოეწყო სპორტული სანახაობები, გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრების ნახატები, ქართული კალიგრაფიული ნიმუშები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ფესტივალში და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩენენ აფხაზეთის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს.

თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივსაცემად მის საფლავზე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა

საქართველოს სახელოვანი მამულიშვილს თამაზ ნადარეიშვილს 19 ივლისს 60 წელი შეუსრულდებოდა. ხსოვნის პატივსაცემად მის საფლავზე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თამაზ ნადარეიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ღირსეული მამულიშვილი. სამოქალაქო პანაშვიდს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესეი საბჭოს დეპუტატები და  აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო.

თამაზ ნადარეიშვილს სამხედრო პატივი მიაგეს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა და საპატიო ყარაულმა. მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე დანიელმა გადაიხადა.

თამაზ ნადარეიშვილი 1954 წლის 19 ივლისს, ქალაქ გაგრაში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაგრის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, იყო გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანი, 1990 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, 1991 წელს - აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1992 წლის იანვარში - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1992 წლის ოქტომბერში - საქართველოს პარლამენტის წევრად, 1992 წლის ნოემბერში დაინიშნა აფხაზეთის ა.რ. მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის ნოემბერში თ.ნადარეიშვილი სახელმწიფო მეთაურის მრჩევლად დაინიშნა, ერთ თვეში კი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი გახდა. 1995 წლის თებერვლიდან მან დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი, რადგან ის აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დევნილობაში. ამ პერიოდიდან თამაზ ნადარეიშვილი გახდა საქართველოს ეროვნული უშიშროების  საბჭოს წევრიც.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი". არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე  მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი.

თამაზ ნადარეიშვილს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა

  10 წელი გავიდა თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალებიდან. 2014 წლის 19 ივლისს მას  60 წელი შეუსრულდებოდა.

  თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. ის მთელი თავისი არსებით ჩაება ჩვენს ქვეყანაში იმ დემოკრატიული საფუძვლებისა და ფასეულობების ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც დღეს აღიარებულია საერთაშორისო არენაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტურია თამაზ ნადარეიშვილის ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

  ბატონი თამაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სათავეში საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში ჩაუდგა. სხვადასხვა დროს ის იყო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სწორედ ამ კონკრეტულ პერიოდში მიმდინარეობდა გლობალური დემოკრატიული ცვლილებები და აფხაზეთი იყო ამ ისტორიული, ამავდროულად, ტრაგიკული პერიოდის ადგილი და დრო. გამომდინარე ყველა ამ ზემოაღნიშნული მოვლენიდან, ბატონი თამაზი აკეთებდა იმას, რაც კონკრეტულ პერიოდში ჭეშმარიტ მამულიშვილსა და პატრიოტს უნდა ეკეთებინა.

  ხაზგასასმელია ბატონ თამაზ ნადარეიშვილის მონაწილეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც შემდგომში ევროპულ დოქტრინად - „ჩართულობა აღიარების გარეშე" - ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ევროპის ხელშეწყობას და აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენას. ნიშანდობლივია, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ თამაზ ნადარეიშვილის აქტიური პოლიტიკური სწრაფვა ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრება, საერთო ენის გამონახვა და იმ ჩატეხილი ხიდების აღდგენა იყო, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა მთლიანობაში.

  თამაზ ნადარეიშვილის სანუკვარ მიზანს დევნილი მოსახლეობის აფხაზეთში დაბრუნებისათვის ბრძოლა წარმოადგენდა და მთელი მისი მოღვაწეობაც სიცოცხლის ბოლომდე ამ მიზნის აღსრულებისკენ იყო მიმართული. ამ ჭრილში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ინტერესი ფოკუსირებული იყო ბალკანეთზე. ბატონი თამაზ ნადარეიშვილი გახლდათ ქვეყნის იმ მოღვაწეთა პირველ რიგებში ვისი დამსახურაბაცა საერთაშორისო არენაზე ისე მწვავედ წამოეყენებინა აფხაზეთიდან დევნილების საკითხი, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ის საერთაშორისო რეზოლუციები, რაც საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნების წინაპირობაა.

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვიზიარებთ რა თამაზ ნადარეიშვილის იდეალებს ერთიან საქართველოში აფხაზეთის აღორძინებისა, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის განხორციელებას - აფხაზებთან შერიგებას და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ, ვოვა ვეკუას მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ, ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 1989 წლის 15-16 ივლისის სოხუმში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები, რაც მესამე ძალის მიერ ინსპირირებული იყო, ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში ყოველთვის შავ ლაქად დარჩება. ამ ავადსახენებელ დღეს, სხვისი მეოხებით, ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და სისხლი დაიღვარა.

ვოვა ვეკუა 1989 წელის 15 ივლისს, აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკებისას ტრაგიკულად დაიღუპა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო.

ვოვა ვეკუა გაიხსენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„სამწუხაროდ, ვოვა ვეკუასთან მე პირადი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი ავტორიტეტი და უდიდესი წვლილი, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან ასოცირდებოდა. 1988-89 წლებში ვოვა ვეკუა ზურაბ ჭავჭავაძესთან და მერაბ კოსტავასთან აქტიურად თანამშრომლობდა. ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, ტრაგედიის თავიდან აცილებას. ვოვა ვეკუას, როგორც აფხაზეთში გაზრდილ და დაბადებულ ადამიანს კარგად ესმოდა აფხაზების. იცნობდა მათ ფსიქოლოგიას და განწყობას. მოწოდებითაც ლიდერი იყო, ცხოვრების წესითაც და საქმიანობითაც. ენერგიული, თავმდაბალი, საქმიანი. ბოლო წუთამდე ცდილობდა ურთულეს ვითარებაში გარდატეხის შეტანას. თავს არ ზოგავდა ურთიერთობების მოწესრიგებისთვის", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიამ ასევე გაიხსენა 1989 წლის 15-16 ივლის განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომელთა უშუალო მონაწილე თავადაც იყო. მან იმ ადამიანების ღვაწლი გაიხსენა, რომელთა ძალისხმევითაც დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. მისივე თქმით, ეს სისხლიანი შეტაკება მესამე ძალის მიერ იყო პროვოცირებული.

„ვოვა ვეკუას ანგარიშს უწევდა თავად აფხაზური ფრთაც. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მოძრაობა „აიდგილარას" ლიდერებთან. მათ შორის ძალიან პოზიტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ამას ხელს უშლიდა მესამე ძალა, პროვოკატორები და სპეცსამსახურები თავიანთ შავ საქმეს აკეთებდნენ და ყველა წარმატებულ მოლაპარაკებას პროვოკაციას უპირისპირებდნენ. კატეგორიულად ილაშქრებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ. მათ შეძლეს შეტაკების პროვოცირება, რაც ტრაგიკულად დასრულდა. ორი ცხელი წერტილი გაჩნდა. სოხუმში და გალში თითქმის ერთდროულად დაიძაბა სიტუაცია. მე მაშინ გალის ხელმძღვანელი ვიყავი, ვმუშაობდი რაიკომის მდივნად. კარგად მახსოვს, მე ვუძღვებოდი მიტინგს, რომელზეც სიტყვით გამოდიოდნენ მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები. ამავე დროს ზუგდიდში იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია. ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავარ მოედანზე. რესუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით გალში იყო და ყველაფერი კეთდებოდა სიტუაციის განსამუხტად. მახსოვს, აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ხიშბა ჩამოფრინდა, ჩვენს მიტინგზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. მაგრამ მიტინგზე არ გამოვიყვანეთ და თვითმფრინავში დავტოვეთ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხიშბას სიცოცხლეს საფრთხე უქმნიდა. მიტინგი კი ჩვენ ჩავატარეთ. მიტინგის დასრულებისას მოხდა ინციდენტი - ვიღაცამ დრო იხელთა, მიკროფონთან მივარდა და წამოიძახა, რომ ვითომ აფხაზები ქართველ ბავშვებს გალში, მატარებლიდან ყრიდნენ და წვავდნენ. ათი ათასზე მეტი კაცი ვერტმფრენისკენ დაიძრა. რა არ მოვიმოქმედეთ, რომ ეს აზვირთებული მასა ვერტმფრენთან არ მიგვეშვა და ტრაგედია არ დატრიალებულიყო. ამის შესახებ რუსული პრესა, გაზეთი „პრავდაც" წერდა მაშინ. კარგად მახსოვს, რომ დანარჩენი საქართველოდან წამოსული ხალხი, რომელიც ღალიძგასთან მოვიდა, მერაბ კოსტავამ, ძმებმა ფიფიებმა შეაჩერეს. ხალხმა დაგვიჯერა, გამოგვყვა და თავიდან ავიცილეთ ტრაგედია. ვფიქრობდით, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ღალიძგის მეორე მხარეს შეიარაღებული აფხაზური ჯგუფები იდგა და ყველა ადამიანი, რომელიც იქით გადავიდოდა დაიღუპებოდა. ყველანი ერთად ვიგერიებდით იმ უბედურებას, რაც წუთი წუთზე შეიძლებოდა მომხდარიყო. საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით. გონიერი ხალხი აღმოჩნდა ოჩამჩირის მხარესაც და საბოლოოდ ამ გონიერებამ გაიმარჯვა, სამწუხაროდამ მყიფე მშვიდობამ მხოლოდ სამ წელიწადს გასტანა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიას თქმით, ვოვა ვეკუას სიცოცხლის ფასი იყო ის, რომ სამი წლის მანძილზე, აფხაზეთში საომარი ვითარებები არ ყოფილა.

აფხაზეთიდან დევნილი 100–მდე ბავშვი ბორჯომის ხეობაში დაისვენებს

აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ბავშვი ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად დღეს გაემგზავრა. პროექტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის ბავშვთა საზაფხულო ბანაკების პროგრამის ფარგლბში ხორციელდება.

მოზარდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეებმა მანანა ქვაჩახიამ და ბესიკ ოდიშარიამ გააცილეს.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ქ.თბილისის მერიასთან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად თანამშრომლობს.

12 დღის განმავლობაში მოზარდები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ აქტივობებში, ლაშქრობებსა და კონკურსებში.

დღეს პროექტის ფარგლებში, დევნილი მოზარდებისთვის მეორე ეტაპი განხორციელდა. ასამდე დევნილმა ახალგაზრდამ აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლდა.

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენებიდან 25 წელი გავიდა

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები, რომელიც ინსპირირებული იყო მესამე ძალის მიერ, ქართულ-აფხაზური საუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში ყოველთვის შავ ლაქად დარჩება. ამ ავადსახენებელ დღეს, სხვისი მეოხებით, ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და სისხლი დაიღვარა. სამარადჟამო დიდება გმირებს, რომლებიც ამ პროვოკაციას, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი შეეწირნენ.

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს მედიკამენტები უფასოდ დაურიგდათ

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩისა და ავტომშენის დასახლებაში ზემო აფხაზეთიდან დევნილათა კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებზე ზემო აფხაზეთის პოლიკნინიკის, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და „ავერსის" თანადგომით 300-მდე დევნილს უფასო წამლები გადაეცა, ადგილზე ჩაუტარდათ გამოკვლევა ბავშვებსა და ხანდაზმულებს.

„ასეთ დახმარებას ყოველწლიურად მართავს ზემო აფხაზეთის პოლიკნინიკა, მხარში გვიდგანან, განსაკუთრებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და პოლიკნინიკა. გვეხმარებიან ოპერაციების დაფინანსებითაც. დღეს მოვიდნენ სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტი ავადმყოფი და ინვალიდია. ეს მათგან ძალიან სასიხარულო ნაბიჯია. მადლობა მინდა გადავუხადო მამუკა გირლიანს და მის ჯგუფს, აფხაზეთის მთავრობას, კოდორის გამგებელს - ლაშა მარგიანს გარჯისა და თანადგომისთვის", - აღნიშნა დევნილმა ციური მიქიანმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 82 და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შექმნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ გახსნა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმ¬ჯდო-მარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. კონფერენციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას სოხუმის უნივერსისტეტის განსაკუთრებულ ისტორიასა და როლზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.

„როდესაც სოხუმის უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ, ყველას გვახსენდება 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები, 18-19 ივლისის შეტაკებები, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. სამწუხაროდ ეს იყო სწორედ იმ უბედურების დასაწყისი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ და აქამდე მოვედით. მაგრამ ისტორიას თავისი გზა და კანონები აქვს. ცხოვრება გაგრძელდა და ჩვენმა უნივერსიტეტმაც ახალი ფურცლები ჩაწერა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ისტორიულმა მეხსირებამ კი შემოგვინახა ჩვენი წარსულის ტრაგიკული ფურცლები, რომელიც ძალიან კარგად აღნუსხავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეცდომებს, რომელიც ორივე მხარეს საკმარისზე მეტი იყო. დღეს აფხაზეთის უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, რაც ძალიან კანონზომიერია. სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი გახლავთ აფხაზეთის უახლესი ისტორიის მემატიანე, რომელიც მრავალ თაობას გზას გაუხსნის განათლებისა და წიგნიერებისკენ, ამავე დროს, არასოდეს დაავიწყებს მათ იმ დრამატულ და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელმაც იძულებული გაგვხადა ცხოვრება თავიდან დაგვეწყო. მომავალმა თაობამ ძველი თაობის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. არც აქ და არც აფხაზეთში. ამას ხშირად ვამბობ და არ დავიღლები ამის გამეორებით. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ მომავალ თაობას სიმართლე ვუთხრათ, თუ რა უძღოდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელმაც 300 000 ათასი ადამიანი დევნილად აქცია", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაია ასევე შეეხო აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას. მისი თქმით, სოხუმის უნივერსიტეტი, თავისი ტრადიციების გათვალისწინებით, ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ამ მხრივ, ძალიან დიდია დღევანდელი კონფერენცის მნიშვნელობა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შეუდრეკელმა ბუნებამ, გამოცდილებამ, ტრადიციებმა, ცოდნამ და კვალიფიკაციამ თავისი გაიტანა და დღეს ჩვენი უნივერსიტეტი, თამამად შემიძლია განვაცხადო, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა სოხუმის უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებს, ცოდნას და გამოცდილებას ახლა მომავალ თაობებს გადასცემენ. კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობენ და საკუთარ ცოდნას იმდიდრებენ. სწორედ ეს არის ის ფუნდამენტი, ცოდნის, მეცნიერების, განათლების ის პოტენციალი, რომელმაც ზღვარი უნდა დაუდოს ქართულ-აფხაზურ გაუცხოებას, ჩვენი ისტორიული ურთიერთობების გადაგვარებას. თქვენ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა შეიძლება იქცეს იმ ხიდის გაგრძელებად, რომელზეც აფხაზები და ქართველები ერთად გაივლიან. ივლიან განათლებისა და მეცნიერების გზაზე ერთიანი საქართველოს სიკეთისთვის. მისი საუკეთესო მომავლისთვის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუს¬თა¬ველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერები.

პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ცნობილი აფხაზი მეცნიერის ხუხუტი ბღაჟბას სამეცნიერო მემკვიდრეობას, აფხაზეთიდან ცნობილ ქართულ ხელნაწერებსა და აფხაზურ ლიტერატურას, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის, განათლების, დემოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევას.

დღესვე, ვახტანგ ყოლბაიამ და გია გვაზავამ უნივერსიტეტის კორპუსებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.

თელავში აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია და დეპარტამენთის თანამშრომლები 15 ივლისს კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.

დავით გვაძაბია თელავში, სოხუმის ქუჩაზე (№4) მდებარე დევნილთა მართლზომიერ სარგებლობაში არსებული კორპუსში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მოისმინა მათი პრობლემები.

59 დევნილ ოჯახს ასევე ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტის და მსოფლიო პალატის ფედერაციის წევრი გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუერთდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საქართველოს ეროვნულ კომიტეტს  და მსოფლიო პალატების ფედერაციის წევრი გახდა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC, თავისი უზარმაზარი გლობალური ქსელით აძლევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შესაძლებლობას დაამყაროს პროდუქტიული კონტაქტები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. უფრო მეტიც, მაღალი დონის ადგილობრივ, რეგიონალურ და უცხოურ ღონისძიებებში და ფორუმებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და სხვა ეროვნულ კომიტეტებთან კავშირი დაეხმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს წრეებს განვითარდნენ და ბიზნესში მიაღწიონ უპრეცედენტო სიმაღლეს.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალი

დღეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალზე, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს საკუთარ სახლში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბათუმში მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

10-11 ივლისს, ქ. ბათუმში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა"გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს მიეძღვნა. კონფერენციაზე, ასევე, განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას აშუქებდა საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

კონფერენციის ფარგლებში  ოთხი თემატური სესია გაიმართა:

I სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტისკენ - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება;

II სესია - სახალხო დიპლომატია და „აღმოსავლეთ პარტნიორობა";

III სესია - უსაფრთხოება და სტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში;

IV სესია - ერთიანი და თავისუფალი ევროპა: დასრულებულია თუ არა მისია?

კონფერენციას მიწვეეულთა შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ესწრებოდა. მან "Abkhazia News"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

„ჩვენთვის ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ თავად პრემიერმა თავის გამოსვლაში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროსაც და დღესაც აღნიშნა, რომ ასოცირებით მიღებული სიკეთით უნდა ისარგებლოს მთელი ქვეყნის მოსახლეობამ, მათ შორის აფხაზებმაც და ოსებმაც. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებაში ჩადებული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში. ვფიქრობ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით აუცილებელია მათი მონაწილეობის ფაქტორის მკვეთრი გააქტიურება ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის რეალიზაციისას. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ საკმაოდ მკვეთრად იგრძნობა აფხაზების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სწრაფვა იზოლაციის თავიდან აცილებისკენ და ინტერესი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ამიტომ დღის წესრიგში დგება ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის პროცესი, რის მძლავრ იმპულსსაც ასოცირების შეთანხმება იძლევა. ცნობილია ისიც, თუ რა შეფასებები მოჰყვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სოხუმში. გაძლიერდა განწყობა, რომ თითქოს უნდა გაძლიერდეს აფხაზების რუსეთთან ინტეგრაციის პროცესი. ვფიქრობ, სწორედ აქაა  საჭირო ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ევროკავშირის მიერ აფხაზეთთან ისეთი ჰუმანიტარული მისიების განხორციელება, როგორიცაა ვთქვათ „რბილი ძალა", „რბილი მეთოდები". მხედველობაში მაქვს ისეთი მოტივაციის გაღვივება, რომელიც ევროპისკენ აფხაზების სწრაფვას გააღრმავებს. ჩვენთვის დღეს ეს თემა სტრატეგიულ კონტურებს იძენს. ყველასთვის გასაგებია, რომ ევროკავშირი აფხაზებისთვის შეუძლებელია არ იყოს მომზიდველი. მაგრამ როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში ისე რომ, როგორც იტყვიან, სახეც შეინარჩუნონ, და, ამავე დროს, მიიღონ ყველა სიკეთე, რომელსაც თავისუფალ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა, რთული ამოცანაა. მაგრამ, როგორც იტყვიან, შეუძლებელი არაფერია.   ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ თავის ტკივილთან გამკლავება", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას აზრით, მნიშვნელოვანია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აფხაზების ძირითადი პრობლემების მოგვარებისა და ევროსტრუქტურების მიმართ აფხაზების ნდობის გაღრმავებისკენ წარიმართება.

„აფხაზებისთვის მთავარი პრობლემები დღეს დემოგრაფიული საკითხების გარდა, ახალი კონტაქტების დამყარებაცაა. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სპეციალური პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული. საინტერესო იქნება მათთვის ასევე სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობა, ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა დაახლოებით იმ დონეზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა რეფერალური პროგრამების შემუშავებისას.

შესაძლებელია ასევე ევროპულ სივრცეში, საქართველოს ერთიან ფარგლებში აფხაზების სოციალ-კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენის ღონისძიებებზე ფიქრიც. რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის ეკონომიკური აღორძინების პროგრამების დამუშავებაზეც უნდა ვიფიქროთ, რომელიც ფოკუსირებული იქნება აფხაზეთისთვის ისეთი დარგების მოდერნიზაციაზე, როგორიც არის მომსახურების სფერო, მაგალითად, ტურიზმი. ასევე სოფლის მეურნეობა, კერძოდ, სუბტროპიკული კულტურები და ა.შ. ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაზე უნდა ვიფიქროთ. მიმაჩნია, რომ ასეთი მუშაობა  სოხუმის ინტერესს ევროსტრუქტურების მიმართ გააქტიურებს. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ხანგრძლივი პროცესია, ხვალვე არაფერი ხდება და ვფიქრობ, გადაჭარბებული მოლოდინს მხოლოდ ზიანი მოაქვს. დაახლოების, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის გააქტიურების გარეშე ქართველებსა და აფხაზებს შორის, არაფერი გამოვა; უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმისას გაღიზიანება და ზეწოლა გვერდზე უნდა გადავდოთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა სიტუაციაც ახლაა შექმნილი აფხაზეთში. დროა საჭირო და დაფიქრება, რომ სოხუმში კარგად გააანლიზონ ის სიკეთე, რომელსაც მათ ევროპასთან დაახლოება მოუტანს.", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.