ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისში, სასტუმრო „მთისბროლში" ჩასახლებული დევნილები მოინახულა. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს დევნილებმა მათთან არსებული პრობლემები გააცნეს. ყოლბაია დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ ობიექტში 80 ოჯახია ჩასახლებული. ცხოვრების პირობები ძალიან მძიმეა. სხვა უამრავ ყოფით პრობლემასთან ერთად, დევნილებს უკიდურეს სივიწროვეში უწევთ ცხოვრება.

როგორც დევნილებმა აღნიშნეს, ცოტა ხნის წინ, მათთან იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებას შეპირდა. დევნილები საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ან სხვა ჩასახლებაში გადაყვანას მოითხოვენ, თუმცა, მათივე თქმით, ურჩევნიათ ამავე ტერიტორიაზე დარჩენა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული აქვთ ბოსტნები.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილთა სამინისტროსათვის მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის მიწოდება და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ვაშლჯვარიში მ. გელოვანის ქ.№4 -ში მდებარე აფხაზეთის № 2-საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაათვალიერეს ახალგარემონტებული საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზი. შეხვედრის ბოლოს, აღნიშნული სკოლის დაწყებითი კლასის 19 მოსწავლეს გადაეცათ საჩუქრები.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია, მინისტრის მრჩეველი ზაზა მიქავა თბილისის ზღვაზე მდებარე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ და დევნილ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სკოლას საჩუქრად ,,პრივატბანკის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იური კანდაუროვმა, ბანკის წარმომადგენლებმა მიხეილ ჭელიძემ და ნინო მათითაიშვილმა სასკოლო ინვენტარები (მაგიდები, სკამები, ტუმბოები, სავარძლები, პროექტორი) და ხუთი კომპიუტერი გადასცეს.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლის ეზოში საქართევლოს ჰიმნი აჟღერდა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და პირველკასელებს წარმატებული წელი უსურვეს. პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ მიმართეს.

სკოლის დირექტორმა სვეტლანა რურუამ გასულ სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრების ყველა მოსწავლე სიგელებით დააჯილდოვა.

ვახტანგ ყოლბაია პოლონეთის საგანმანათლებლო დარგის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პოლონეთის საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,ედუკატორის'' საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების კოორდინატოს მაჟენა რაფალსკას და პოლონეთის პირველი არხის (რადიოს) ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრას ,,კივიტა ჯორჯია"-ს სასკოლო მზაობის პროექტების კოორდინატორი ალექსანდრე კალანდაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინა შენგელია ესწრებოდნენ.

შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. პოლონურმა მხარემ ვახტანგ ყოლბაიას გააცნო ის პროექტები, რომლებსაც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად დევნილი ბავშვებისათვის ახორციელებს. დღემდე 16 სოფელში, სკოლების ბაზაზე მათ გახსნილი აქვთ სასკოლო მომზადების ცენტრები (ბაგა-ბაღები). ერთად მუშაობენ საგანმანათლებლო პროექტზე, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის აღმზრდელობითი ცენტრების შესაქმნელად. ასევე, ეხმარებიან სკოლებს სასკოლო ინვენტარით, წიგნებით და სხვადასხვა ნივთებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვთ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამის ამუშავებაც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლონური მხარის მონაწიელობაზე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიმართულებით. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოისმინა ინფორმაცია და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მათ საქმიანობაში. შეხვედრაზე გამოითქვა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი.

„პოლონელებთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. სკოლამდელი განათლება ფუნდამენტური საწყისია მოქალაქის ჩამოყალიბებაში. ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული თანამედროვე მიდგომები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის უკვე დიდი ხანია ევროპის ნაწილია", - აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთა შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ.

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის დღე აღინიშნა

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს დეპუტატებმა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებმა მთაწმინდაზე, ილია და ოლღა ჭავჭავაძეების საფლავები გვირგვინით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

ილია ჭავჭავაძის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აღევლინა წმ. ილია მართლის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელიც წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, მამა მაქსიმ ჭანტურიამ გადაიხადა. ასევე, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გაიმართა ,,ილია ჭავჭავაძე XX საუკუნის ადამიანი" ახალი მოძრავი ექსპოზიიის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სოზარ სუბარს შეხვდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და დასაქმების საკითხებზე იმჯელეს. მინისტრმა საბჭოს დეპუტატებს დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვა გააცნო.  თავის მხრივ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მინისტრს ინიციატივები და წინადადებები შესთავაზეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ღია და გამჭვირვალე უწყებაა და მზად არის ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ თანამშრომლობას პოზიტიური შედეგი ექნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი დადგენილება „ქალაქ რუსთავში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ".

უმაღლესმა საბჭომ დადგენილების კანონპროექტი შენიშვნების გათვალისწინებით მიიღო.

აღნიშნული დადგენილების პროექტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. სამუშაო ჯგუფი ძირითადად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

დღევანდელი სხდომის დეტალებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ისაუბრა: „დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხებოდა აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმებს. ჩვენ გვინდა შევხვდეთ ჩვენი ქალაქების წარმომადგენლობით ორგანოებს, მერიებს, საკრებულოებს და მათთან ერთად განვსაზღვროთ ის პატარა სტრატეგია, რომელიც ეხება დევნილებს მათ ყოფას, მათ სოციალურ მდგომარეობას და ა.შ."

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ცანავა და დეპარტამენტის თანამშრომლები საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქ. №95-ში მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ დევნილთა ჩასახლების ობიექტში იმყოფებოდნენ და დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.

ისინი დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ. ასევე დაინტერესდნენ საცხოვრებელი კორპუსის ტექნიკური მდგომარეობით და მოისმინეს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები.

აღნიშნულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში 30-მდე ოჯახია განსახლებული.

სოფელ ძევერაში მეფრინველეობის საწარმო გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იაპონიის მთავრობის მიერ, "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებული მეფრინველეობის საწარმო გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეფრინველეობის საწარმო იაპონიის საელჩოსა და "ჰეიფერ ინთერნეიშენალ ჯორჯიას" ხელშეწყობით შეიქმნა. პროექტის მიზანია გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ფერმის სისტემის გაუმჯობესება და ფერმის სათანადო აღჭურვით უზრუნველყოფა.

პროექტით გორის რაიონის 900 ადგილობრივი ფერმერი მიიღებს სარგებელს.

ქალაქ სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლის აფხაზეთის ომში დაღუპულ კურსდამთავრებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 5 სექტემბერს 13:00 საათზე  ქალაქ სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლის კურსდამთავრებულების, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა  საბრძოლო მოქმედებების დროს პირველი სკოლელების, ღირსეული მამულიშვილების  გმირობაზე ისაუბრეს, რომლებმაც არ დატოვეს საკუთარი მიწა-წყალი და ყველაზე ძვირფასი რამ რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს შესწირეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ : ლევან ესართია, რაისა სონგულია, ბესარიონ ოდიშარია, ბელა კოპალიანი, გიორგი ბენიძე, გოჩა გვარამია, მარინა ჯღარკავა, მიმოზა ცხონდია.  ასევე ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულ იყვნენ დაღუპული მებრძოლების მშობლები: ნელი ბეთაშვილი, ლილი დგებუაძე, ინეზა ბელთაძე, გული ბერია, სულიკო გაბუნია, ლიანა რუხაია.  შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

სოფელ პერევმა დღეს ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალს უმასპინძლა

სოფელ პერევში დღეს ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართევლოს პარლამენტის თავმჯდოამარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ მიმართა. ფესტივალზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სხვა საპატიო სტუმრები. ფესტივალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (ფრაქცია უმრავლესობის თავმჯდომარე) რაისა ქარაია, იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსი მარინა სალუქვაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ნაციონალური კერძები. ფესტივალში ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი ჯგუფები მონაწილეობდნენ, ასევე გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. სტუმრებმა დაათვალიერეს ფესტივალზე წარმოდგენილი ხალხური რეწვის ნიმუშები და დააგემოვნეს ქართული კერძები.

ღონისძიება ასოციაცია „ტურიზმი მშვიდობისა და განვითარებისთვის" ორგანიზებითა და „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" პარტნიორობით ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ვახტანგ ყოლბაიასა და თურქეთის პრემიერ–მინისტრის აპარატის წარმომადგენელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის, თურქეთის თანამშრომლობისა დაკოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენელი მუსტაფა ქორმაზი მიიღო. შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა.

ვახტანგ ყოლბაიამ თურქული მხარის წარმოამდგენელს მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურებში დევნილთა საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შემოტანილი. ასევე, საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო დარგისა და სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე პროექტებს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაცაა მოწონებული.

თურქული მხარის მიერ მზადყოფნა გამოითქვა მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელთა ბენეფიციარები აფხაზეთიდან დევნილები იქნებიან. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უახლოეს მომავალში კი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ რა კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე იმუშავებენ ერთობლივად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო.

თურქულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში თურქები აფხაზეთის მთავრობის პროექტებს დააფინანსებენ.

„არის ასეთი ორგანიზაცია „ტიქა", რომელიც საქართველოში დიდი ხანია მუშაობს, ეს არის თურქეთის კოოპერაციის და კოორდინაციის სააგენტო. მათთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. სააგენტოს წარმომადგენელს ბატონ მუსტაფა ქორმაზს გავაცანი ჩვენს ხელთ არსებული პროექტები, რომელიც მიმართულია დევნილთა დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. ეს ეხება ქუთაისს ზუგდიდს, წალენჯიხასა და თბილისს. რამდენიმე პროექტზე თანხმობა მივიღეთ. თუმცა ამ პროექტების ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებას, გარკვეული დრო ალბათ დასჭირდება. მიხარია, რომ ჩვენმა პროექტებმა ქუთაისში და ვაზისუბანში დააინტერესა ბატონი მუსტაფა ქორმაზი. ამ თემების გარშემო საკმაოდ ნაყოფიერი და საგნობრივი საუბარი გვქონდა. მიჭირს ზუსტი დროის დასახელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ამ სააგენტოსგან დამაიმედებელ პასუხს მივიღებთ.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

,,ვერე პალასში’’ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ჰეიფერი’’–ს ამერიკის შეერთებული შტატების სათაო ოფისის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, სასტუმრო ვერე პალასში საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰეიფერი"-ს ამერიკის შეერთებული შტატების სათაო ოფისის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ბატონიშვილი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინიციატივითა და „დედათა კომიტეტის" ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ქ.თბილისის მერიის, ეკონომიკისა და პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ჟვანია, საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე და „დედათა კომიტეტის'' თავმჯდომარე ქეთევან ადამია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია მიაწოდეს „ჰეიფერის" წარმომადგენელს სოფლის მეურნეობის დარგში დევნილი მოსახლეობისათვის განსახორციელებელი ერთობლივი პროექტების შესახებ, რომელიც მიმართული იქნება სიღატაკის დაძლევისკენ. ასევე, დევნილი მოსახლეობისათვის მცირე ბიზნეს პროექტების დაფინასნებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის დევნილების დასაქმების საკითხზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, საკუთარი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰეიფერთან" და ხელი შეუწყონ პროექტის განხორციელებას საქართველოში, რომელიც დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლაზე იქნება მიმართული.

ვახტანგ ყოლბაია ბათუმში დევნილებს შეხვდა

 

ბათუმში გამართული საერთაშორისო პროექტის ,,ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები" დასკვნითი ღონისძიების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში არსებულ დევნილთა საზოგადოება „ერთობა თანადგომისთვის" წევრებს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებისგან არსებული პრობლემები და მოთხოვნები მოისმინა. დევნილთა ძირითადი მოთხოვნები განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებს ეხებოდა. აფხაზეთის მთავრობის მეთაურს მათ ქრონიკული დაავადებების მკურნალობის პროგრამის ჩატარება და ეკონომიკური პროგრამების მხარდაჭერა სთხოვეს, რაც დევნილთა აზრით, საწარმოებისა და ჩქარი კვების ობიექტების გახსნის ხელშეწყობაში გამოიხატება. დევნილებმა ასევე მოითხოვეს წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობა.

თავის მხრივ, ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებს აღუთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მათთან ჩავა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლობა, რომელიც ადგილზე შეისწავლის წარმატებულ სტუდენტთა დახმარების შესაძლებლობას, ორ წარმატებულ სტუდენტს კი 500 ლარით დახმარებას შეპირდა.

ყოლბაიამ დევნილებს კიდევ ერთი სიახლე ამცნო, მისი თქმით, სექტემბრის ბოლოს, აფხაზეთის მთავრობა, აჭარაში მცხოვრებ დევნილთა ორდღიანი სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს - აქციის პირველი დღე ქობულეთსა და მის შემოგარენში გაიმართება, ხოლო მეორე დღე ბათუმსა და მის შემოგარენში. ყოლბაიამ დევნილებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკვლევების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და იქვე აღუთქვა, რომ აფხაზეთის მთავრობა ორ წარმატებულ ახალგაზრდას გაგზავნის სლოვაკეთში, ნიჭიერ ახალგაზრდებს კი კონცერტებსა და სხვა პროგრამებში ჩართავს.

„ბუნებრივია, მხოლოდ სპორტულ ღონისძიებას ვერ დავჯერდებოდით და დავგეგმეთ შეხვედრა დევნილთა საკოორდინაციო საბჭოსთან ბათუმში. ეს ადამიანები დღეს ფაქტობრივად ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას. მას შემდეგ რაც მოხდა მათი გამოსახლება, კიდევ უფრო მძიმე საცხოვრებელი პირობები შეექმნათ. ეს ის ადამიანები გახლავთ, რომლებიც სინამდვილეში ქუჩაში აღმოჩნდნენ, თუმცა ეგრეთწოდებულ კომპენსირებულთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. იმდენად მცირე თანხებია გაცემული, რომ პრაქტიკულად ამით ბინის შეძენა შეუძლებელია. ჩვენი დევნილები იძულებულნი არიან ბინები იქირაონ. თუ როგორი ბინების დაქირავების საშუალება აქვს ჩვენს დევნილებს,უაღრესად მწირი შემოსავლების პირობებში, ყველამ წარმოიდგინოს. ჩვენი მთავრობისაგან დამაიმედებელი პასუხია დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თაობაზე. ეს იმედს მაძლევს. მადლობის მეტი რა გვეთქმის,თუ ეს პროცესი ჩვენი დევნილების გაუსაძლისი პირობების გაუმჯობესებით დასრულდება. შევეხეთ განათლების, ჯანდაცვის პრობლემებს, მე მათ აღვუთქვი, რომ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში ორდღიან პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს. დღესვე ვესაუბრე ჩვენი კულტურის მინისტრს დიმა ჯაიანს და დევნილთა მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად დახმარების გაწევისთვის აქ აუცილებლად ჩამოვლენ მისი მოადგილეები", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

ბათუმში საერთაშორისო პროექტის „ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში საერთაშორისო პროექტის „ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 200-მდე მოზარდმა მიიღო. დევნილ მოზარდებს საჩუქრად სპორტული მაისურები, კეპები და ბურთები გადაეცათ. ღონისძიება საზეიმოდ დახურა აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, რომელიც საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალიდან ორი დღის წინ დაბრუნდა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. პროექტი 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიისა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებისორგანიზატორია სახალისო სკოლების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ორგანიზაცია, ასევე საქართველოსა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციები.

ღონისძების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დევნილი ახალგაზრდებისთვის. მისივე განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა უკვე მუშაობს, რომ მსგავსი ღონისძიებები სხვა რეგიონებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებშიც ჩატარდეს. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ათენიდან ახლახანს დაბრუნებულ აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს.

„დღევანდელი დღე განსხვავებულია იმით, რომ ეს პროექტი საერთაშორისო სტრუქტურების მიერაა დაფინანსებული. მართალია ამ სახის პროექტში დევნილები უკვე მეორედ მონაწილეობენ, მაგრამ დღევანდელი აქცია ძლიან მასშტაბურია, რაც ძალიან მახარებს. აქ ხომ მხოლოდ ფეხბურთი არ იყო, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შერკინება, შეჯიბრი, ზრდის ახალგაზრდების მოტივაციას, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს აყალიბებს მათ ფსიქიკას, ავლენს იმ მისწრაფებებს, რომელიც მათ ქვეყანას, ოჯახებს გამოადგებათ, უწინარესად კი მათ წინსვლას შეუწყობს ხელს. თქვენ ნახეთ, რომ ამ ბავშვების წინაშე გამოვიდა აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელიც ათენიდან ამ დილით ჩამოვიდა, სადაც ბრწყინვალედ დააგვირგვინა თავისი გამოსვლა საერთაშორისო ფესტივალზე. მე დამირეკა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ბატონმა დავით ბაქრაძემ და დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლის თითოეულ წევრს ბრწყინვალე ხელოვნების ჩვენებითვის. მათ ასახელეს საქართველო, აფხაზეთი და ჩვენ ამით ძალიან გახარებულნი ვართ; სამი დღის ნამგზავრმა ანსამბლმა აქ სულით და გულით უჩვენეს ბავშვებს თავიანთი ოსტატობა. მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, მადლობა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძეს, ბატონ ვალერი ჭოლარიას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მესვეური იყო; მადლობა მინდა ვუთხრა ცეკვის ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს სერგო გეგეჭკორს, ასევე ბატონ თამაზ თევზაძეს რომელიც ამ პროქტის შემოქმედია,შედეგი კი შესანიშნავი. თქვენ ნახეთ თუ რა კმაყოფილი იყო ხალხი, მათ მადლობა გვითხრეს ჩვენ, ამ ღონისძების ორგანიზატორებს. მინდა, რომ ასეთი რამ დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდეს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ასეთმა პროექტებმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს, და ყველა დევნილის სახლში შემოვიდეს სიხალისის, წინსვლის და იმედის შუქი ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.