აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი სეგმენტის შემდგომი გაძლიერება და სრულყოფა კონფლიქტის დარეგულირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების საკითხში. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქ.თბილისში გოძიაშვილის სახელობის პარკის სპორტკომლექსში, ჩატარდა ტურნირი მინი-ფეხბურთში.

ქ.თბილისში გოძიაშვილის სახელობის პარკის სპორტკომლექსში, ყაზბეგის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 წლის 26,27 და 28 სექტემბერს ჩატარდა გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში. სადაც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილი 20 წელზე ზემოთ ახალგაზრდებმა.
აღნიშნული ტურნირი გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის დახმარებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
მონაწილე გუნდები იყვნენ:
1. დაბა კოჯორი
2. გლდანის 104 ბ/ბაღი
3. სასტუმრო ქართლი
4. თბილისის ზღვა
5. ვაშლიჯვარის ინდუსტრიული-პედაგოგიური კოლეჯის ს/ს გუნდი (გელოვანი)
6. სასტუმრო ბახტრიონი
7. ს.ტ.უ.
8. ვარკეთილის ს/ს 
აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებულები გახდნენ:

პირველი ადგილი - სასტუმრო ქართლი
მეორე ადგილი - ვაშლიჯვარი გუნდი ,,გელოვანი,,
მესამე ადგილი - თბილისის ზღვა

ტურნირნირზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, ბურთები და შესაბამისი ხარისხის მედლები.

მინი-ფეხბურთში გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

26-28 სექტემბერს თბილისში, მინი-ფეხბურთში გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც კომპაქტური ჩასახლებების დევნილთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირის ფინალური შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართა. I ადგილზე გავიდა გუნდი - თბილისის ზღვა „ქართლი", II ადგილზე გუნდი  - „ვაშლიჯვარი" ხოლო - III ადგილზე გავიდა გუნდი - თბილისის ზღვა „ოქროს საწმისი".

შეჯიბრებრში გამარჯვებული პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები დიპლომებით, მედლებით, თასებით და ბურთებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი მიზნად ისახავდა გენო ზარიას ხსოვნის უკვდავყოფას, აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის აქტიურ ჩაბმას ფიზიკურ კულტურასა და სპორტში, ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.

იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ. ასევე გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი ხონის სახედრო დასახლებაში. ცერემონიას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვამჯდომარე ჯემალ მებუკე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიება გაიმართა წყალტუბოშიც, გმირთა მემორიალი გვიგვინით შეამკეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარემ კონსტანტინე მამისეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ.

იმავე დღეს, ქუთაისის ხარების ეკლესიაში  თბილისიდან „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ხატი" ჩამოაბრძანეს, ხატის ჩამობრძანების პროცესს აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეგრელოს რეგიონში, სენაკის ცენტრალურ პარკში, ჟიული შარტავას ძეგლთან შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი  მუნიციპალიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, აფხაზეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა სულების მოსახენებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარსა და სოფელ რუხის ეკლესიაში გადაიხადა. პანაშვიდს სამეგრელო ზემო სვანეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია და წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

27 სექტემბერი - „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“

დღეს, 27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მრავალი ღონისძიება გაიმართა.

სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდელმთავრებთან ერთად ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოადგილეებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი. წირვას ასევე დაესწრო ქართული ჯარის ნაწილი.

ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ  დღეს ილოცეს ყველასთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც აფხაზეთის ომში დაეცა. შემდეგ პატრიარქმა  აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხდა. 

ტაძრიდან დაიწყო მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატი მიაბრძანეს. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. აფახზეთში დაღუპულ გმირებს პანაშვიდი პატრიარქმა გმირთა მოედანზეც გადაიხადა, აფხაზეთის მთავრობას კი გადასცა იერუსალიმიდან ჩამნოტანილი სადაფის ჯვარი, რომელიც მისი თქმით, გახსნის გზას აფხაზთა გულებისაკენ. „ეს ჯვარი ჩამოიტანეს იერუსალიმიდან, მე მას გადავცემ აფხაზეთის მთავრობას და ის იქნება მთავრობაში მანამ, ვიდრე აფხაზეთში არ დავრბუნდებით", - თქვა პატრიარქმა.

გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მუშაკებმა, სპორტსმენებმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

გმირთა მოედნიდან ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და  ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დააბრძანებენ.

დღესვე ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყო ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". ასევე დარიგდა სალომე კაპანაძისა და ქეთევან ჩემიას ავტორობით გამოცებული წიგნები. მონუმენტი ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს თავჯდმომარემ გია გვაზავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დევნილმა საზოგადოებამ. სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" ძალიან ამაღელვებელი, იმედიანი, ცრემლის მომგვრელი ფლეშმობი - „გამარჯობა სოხუმო" მოაწყო (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე".

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიასა და აფხაზეთის გამოჩენილი მოღვაწეების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ვახტანგ ყოლბაიამ მშვიდობის კვირეულის ფარგლებში გაიმართულ საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა

დღეს, საქართველოს პალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დებატები თემაზე - „ადამიანის უფლებები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა".

დებატებში მონაწილეობდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მშვიდობის კვირეული სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით განხორციელდა.

27 სექტემბერი - „დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ“

27 სექტემბერს 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 21 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ამ დღეს მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილის 10.00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდება.

13:00 საათზე - წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატს დააბრძანებენ. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. 

15:00 საათზე - გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების  მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება. გმირთა მემორიალს ყვავილებითა და გვირგვინით შეამკობენ საქართველოს მთავორბის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა საპატიო სტუმრები.

15:30 საათზე - ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანებენ.

16:00 საათზე - ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე (ნუცუბიძის II მ/რ.) მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყობა ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება მონუმენტს ყვავილებით შეამკობენ, რის შემდეგაც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა" მოაწყობს ფელშმობს - „გამარჯობა სოხუმო" (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება.

ასევე იხილეთ სხვა ღონისძიებათა ნუსხა.

ვახტანგ ყოლბაია წიგნის „მე თქვენთან მოვალ“ პრეზენტაციას დაესწრო

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების - თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსების კრებულის „მე თქვენთან მოვალ" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

წიგნი სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს - 27 სექტემბერს ეძღვნება და იგი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ქვეყანა ვალშია ამ გმირების წინაშე.

წიგნში ილუსტრაციებად გამოყენებულია ასევე ომში დაღუპული მხატვრების - სანდრო ვაჩეიშვილისა და ვახტანგ თედიაშვილის ნახატები. პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე.

„მათ სიკვდილი დაამარცხეს, რადგან იმ ავადსახსენებელ ოთხმოცდათორმეტში სამშობლოსგან არ გაქცეულან და მუზარადი არა თავის სიცოცხლეს, ქვეყნის ღირსებას გადააფარეს. მათ იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე შეეძლოთ, რადგან ოთარ ჭილაძისა არ იყოს, არ იყვნენ იმ ბედნიერი ერის შვილები, ვისაც სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობა არ ეოცნებებათ", - ამბობს ავტორი, პროფესორი  სალომე კაპანაძე წიგნის წინასიტყვაობაში.

ქართულ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვხატანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები, სასულიერო პირები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

გამომსვლელებმა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატული მოვლენები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლები და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ცხოვრება გაიხსენეს, ისაუბრეს მის დამსახურებაზე სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინაშე.

ღონისძიების შემდეგ ვაკის სასაფლაოზე, გარდაბანისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა ჟიული შარტავას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„თბილისი მარიოტში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სამართლებრივი საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე"

დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაცია - „მოსახლეობის განვითარების ალიანსი" და ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების" ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სამართლებრივი საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

კონფერენციის მუშაობაში მონაწილოებდნენ  საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სხვა ევროპული ქვეყნებიდან.

აღნიშნა რა კონფერენციის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების საქმეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების მიზანშეწონილობაზე, ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებიც ზოგადად ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.

26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიაში გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი“ გაიმართება

დღეს ჰოლანდიაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი" გაიხსნა. აფხაზეთის ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების - ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას შემოქმედებას 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ლეიდენის პრესტიჟული გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" მასპინძლობს.

გამოფენის ორგანიზატორის, დალი უბილავა დე-გრააფის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების: ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც 20 წლის წინ ომის გამო იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის - აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა ინსპირირებული.

გამოფენას „ჩემი სახლი - აფხაზეთი" ჰოლანდიური ფონდი „არტექო" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ჰოლანდიელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად წარმოადგენს.

თბილისის ზღვის კომპაქტურ ჩასახლებაში დასუფთავების აქცია მოეწყო

25 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში მასშტაბური დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - „დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World) სექტემბერის თვეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება. „დავასუფთავოთ საქართველოს" ეგიდით, აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - „დედამიწის მეგობრები" და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ კამპანიის ფარგლებში ტრადიციულად, აქტიურ მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.

პირველი რესპუბლიკის დარბაზში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა

24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა. პარლამენტს სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრიმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა და აფხაზეთში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა ზოგადად შეაფასა აფხაზეთში არჩევნების შემდეგ არსებული მდგომარეობა, მისი განცხადებით მალე შეიქმნება დე-ფაქტო მთავრობა, რომლის შემადგენლობიდანაც შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ საით გადაიხრება ვექტორი და შესაბამისად შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაც.

პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტის წინაშე დააყენა საკითხი, რომ საკანონმდებლო ორგანო კვლავ დაუბრუნდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელიც კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს, მაგრამ პროცესი გადადებულია.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელთან ერთად ქუთაისში სსიპ „ბიზნესინკუბატორს“ ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენელ მუსტაფა ქორმაზისთან ერთად ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორს" ეწვია.

ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელს ადგილზე გააცნო მონღოლური მწვანე ჩაის ქარხანა და სხვადასხვა ნაკეთობების საწარმო. აღნიშნულ საწარმო სულ მალე სრული დატვირთვით დაიწყებს მერხებისა და ნაგვის ურნებისა წარმოებას.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მუსტაფა ქორმაზს ასევე გააცნო სასტარტო ბიზნეს-საშუალებების მიღების, ბიზნესის ინკუბაციის, კონკურენტულ გარემოში ადაპტირებისა და დანერგვის ხელშემწყობი ფაქტორები. მათვე ერთობლივად გახსნეს შპს „ორგტექნიკა-სოხუმის" მცირე ქარხანა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც მუსტაფა ქორმაზმა აღნიშნა, თურქული მხარე ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობისათვის მზადაა და სხვადასხვა საწარმოებში ინვესტიციებს აუცილებლად განახორციელებს.

თურქული მხარის წარმომადგენელთან შეხვედრებს ვახტანგ ყოლბაიას გარდა ასევე ესწრებოდნენ სსიპ „ბიზნესინკუბატორის" დირექტორი ალუ გამახარია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.

ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლოს წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა.

„მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის სტუდენტებს. 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას იწყებენ არა სოხუმში, არამედ თბილისში. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ, მეორე მხრივ, მადლობა თბილისს, რომ მიგვიღო, შეგვიკედლა და შეგვიქმნა პირობები, რომელიც სრულფასოვანი სწავლის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. ძალიან მიხარია, რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი შესანიშნავი ახალგაზრდობით შეივსო. კურსდამთავრებულების თაობა კი ტოვებს უნივერსიტეტის კედლებს, ისინი გადიან ცხოვრების სხვა ასპარეზზე. სწორედ ეს რიტმი გამოარჩევს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს. თაობათა მონაცვლეობა ხომ პროგრესისა და წარმატების გარანტი გახლავთ. პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს მე მინდა ვუსურვო წარმატებები ცხოვრებაში და პირად საქმიანობაში. ძალიან ბევრია მათზე დამოკიდებული, მთავარი მაინც შრომა და მონდომებაა. მათ წინა აქვთ ყველაფერი. ეს ქვეყანა მათ უნდა ააშენონ, აფხაზეთი მათმა ახალგაზრდულმა შემართებამაც უნდა დაუბრუნოს თავის ბუნებრივ გარემოს. ამისთვის კი მუხლჩაუხრელი მუშაობა და სწავლაა უმთავრესი. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს კურსდამთავრებულებს, წარმატებული გზა ჰქონოდეთ მათ ყველა საქმეში, რომელსაც სამოღვაწეოდ აირჩევენ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.