ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს და ჭირნახულის #16 ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ესტუმრა, მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა და მათ პრობლემებსაც გაეცნო.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია დაესწრო.

სააღდგომო საჩუქრები კომპანიებმა: „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „ნატახტარი", „ტკბილი ქვეყანა" და „ბინეხი" უზრუნველყვეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ დედებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპულ მეომართა და დევნილ მრავალშვილიან დედებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „პრივატბანკ საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იური ყანდაუროვმა მათ საყოფაცხოვრებო ნივთები და სააღდგომო პასკა გადასცეს.

ღონისძიებას „პრივატბანკ საქართველოს" ბანკის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიმ ბანკის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ აფხაზეთში შვილდაკარგულ დედებთან შეხვედრა ყოველ დღესასწაულზე, დღეს გავაფართოვეთ და მრავალშვილიანი დედებიც მოვიწვიეთ. დღევანდელი ღონისძიება „პრივატბანკთან" თანამშრომლობით მოვაწყვეთ, რომელთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ.  მათი ფინანსური თუ მატერიალური დახმარება, არის ის თანადგომა, რომელსაც ეს ბანკი იჩენს ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმათ ვინც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში, ეს არის დევნილთა დეპარტამენტი, იუსტიციის დეპარტამენტი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სააღდგომო საჩუქრები დევნილთათვის „პრივატბანკმა" უზრუნველყო.

ქალაქ გორში ჩასახლებულ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

15 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარატამენტის წარმომადგენლები ქალაქ გორში ჩასახლებულ აფხაზთიდან დევნილებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს. შეხვედრის მსვლელობისას დევნილებმა გააცნეს დეპარტამენტის წარმომადგენლებს მათ ჩასახლებებში არსებული პრობლემები.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ დევნილებს მიულოცა დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და 45 დევნილ ოჯახს გადასცა სააღდგომო ნობათი.

ღონისძიება შპს „ნატახტარი"-ს, შპს „ქართო"-ს („იფქლი") და შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მეორე დღეა ტესტირება მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამოცხადებულ 55 ვაკანსიაზე კონკურსის შემდეგი ეტაპი მეორე დღეა მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად გადარჩეული 100-მდე კანდიდატი დღის ბოლომდე გაივლის ტესტირების პროცესს.

14 აპრილს აფხაზეთის მოზარდებმა დედაენის დღე აღნიშნეს

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრ „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით, ქალაქ თბილისში დედაენის ძეგლთან დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება პროექტის „ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში" ფარგლებში ეწყობა და მასში მონაწილეობენ აფხაზეთის #2 და #3, ბოლნისის რ-ის სოფლების: მამხუტისა და ქვემო არქევანის, მარნეულის რ-ის სოფლების: კაჩაგანისა და სადახლოს აზერბაიჯანულენოვანი, კოდის საჯარო სკოლის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსწავლეები, თეთრიწყაროს რ-ის სომხურენოვანი საჯარო სკოლებისა და კახის რაიონის (ისტორიული ჰერეთის) საშუალო სკოლის მოსწავლეები. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქველმოქმედთა სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელები.

ღონისძიების მიზანია, ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში და ინტეგრაცია.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის, თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისი ზოოპარკის მხარდაჭერით იმართება.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 12-13 აპრილს დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩუტარდა.

დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, მედიკამენტებით, რომელიც დევნილებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძისა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის,  ოთარ გოგოხიას ხელმძღვანელობით  წარიმართა.

გამოკვლევების ჩასატარებლად დარჩელში გადმოვიდნენ სოფელ განმუხურში მცხოვრები დევნილებიც. როგორც დევნილები აცხადებდნენ, მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მედიკამენტების უფასოდ მიღება, „რომ აღარაფერი ვთქვათ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე".

აქციაში მონაწილე დევნილთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო 13 აპრილს, როგორც დარჩელში, ისე ზუგდიდში.

ზუგდიდში მიღებული იყო 500 პაციენტი, განხორციელდა 1500-მდე ვიზიტი, ხოლო დარჩელში - 300 პაციენტი, დაფიქსირდა 864 ვიზიტი. გასინჯულთა შორის იყვნენ როგორც ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში მცხოვრები, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილები (ოტობაია, ორსანტია, ნაბაკევი, ბარღები, ხურჩა), აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობაც.

13 აპრილს, ზუგდიდსა და დარჩელში მიმდინარე დევნილთა უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

ყოლბაის განცხადებით, ეს პროცესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დევნილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე. მთავარი კი ის არის, რომ ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და იგი მთელი საქართველოს მოიცავს.

„უკვე მეორე დღეა, დარჩელსა და ზუგდიდში მიმდინარეობს დევნილთა უფასო გამოკვლევა, თუმცა მოდიან ადგილობრივებიც, რომლებსაც ასევე ვემსახურებით. წელს, ჩვენს ჯანდაცვის ბიუჯეტში, საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნებიდან გამომდინარე, საკმარისი რაოდენობის თანხაა და გადავწყვიტეთ მისი ხარჯვა უფრო პრაქტიკული, პრაგმატული და მიზნობრივი გამხდარიყო. მისი დიდი ნაწილი სწორედ ასეთი აქციებისკენ მივმართეთ. აქციას არ ატარებს ერთჯერად ხასიათს; ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხებით, ამ ღონისძიებათა რიცხვი დაგეგმილი ექვსის ნაცვლად რვამდე გაიზრდება და მოიცავს თბილისს, სამეგრელოს, აჭარას, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს. არსებულ თანხებს მაქსიმალურად  გამოვიყენებთ, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და დევნილებს საქართველოს ყველა კუთხეში მივაწვდინოთ დახმარება. მადლობა მინდა გადავუხადო ღუდუშაურის ცენტრს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, კლინიკა „ენმედიცის", ტატიშვილის კლინიკას, მათ ხელმძღვანელებს, რომლებმაც გამოკვლევებისთვის წამყვანი პროფესორები გამოგვიგზავნეს. ისინი ხელშეკრულებების საფუძველზე ასევე გვეხმარებიან როგორც მატერიალურად, ისე ტექნიკური აღჭურვილობით. ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გავზარდეთ უფასო წამლებისათვის განკუთვნილი თანხის მოცულობა, ოთხი ათასის ნაცლად ამჟამად 90 ათასი ლარის მობილიზება შევძელით. ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ტენდერების შედეგად დაზოგილ თანხებს აუცილებლად მივმართავთ უფასო მედიკამენტებისკენ, რადგანვ ვხედავთ, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროა, რომ წამლები მაინც არ არის საკმარისი და ყველა დაავადებას ვერ აუდის. დიაგნოზის დასმის შემდეგ, გართულების მქონე პაციენტები გადამისამართდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საოპერაციო შემთხვევაც. გუშინ ერთ მათგანს უკვე გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. ვფიქრობ, ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. მიხარია, რომ ხალხი კმაყოფილია და მადლიერებასაც გამოხატავს. ასევე მადლობას ვუხდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელთაც ღონისძიებათა ჩასატარებლად სრულფასოვანი ბაზა შეგვიქმნეს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სამედიცინო გამოკვლებებზე მისული დევნილები ვახტანგ ყოლბაიას სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარების თხოვნითაც მიმართავდნენ. მთავრობის ხელმძღვანელი ყველა მათგანს გაეცნო და უახლოეს პერიოდში მოგვარება აღუთქვა, ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა კი ადგილზევე დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.

ვახტანგ ყოლბაია და თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია სასტუმრო „ქართლში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრი ვასილ ხორავა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. 

დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

12 აპრილს აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები და დაურიგდათ მედიკამენტები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

ღონისძიება, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ზუგდიდსა და დარჩელში 13 აპრილსაც გაიმართება და პროცესს დაესწრება აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

პროექტი „საქმიანი არდადეგები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა"
პროექტისაქმიანი არდადეგები"

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა ტურისტულ კომპანიაში „ნიუკაზი" გაიარონ სპეციალური ტრენინგ-კურსი, შეისწავლონ კონკრეტული მიმართულების/მარშრუტის გიდის/გიდის თანაშემწისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შედეგად საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩაერთონ სხვადასხვა ტურისტული მიმართულების მუშაობაში შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით და მიიღონ ფინანსური სარგებელი.
 
პროექტში მონაწილეობის წესიდა პირობები:
.  პროექტში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 8-11 კლასის მოსწავლეები;
.  აუცილებელი უნარ-ჩვევები:
·  უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
·  მაღალი აკადემიური მოსწრება;
·  კომუნიკაბელურობა;
·  გუნდური მუშაობის უნარი;
·  მაღალი მოტივაცია;
·  სიახლეებისადმი ადვილად შეგუების უნარი.

იხილეთ სრული ინფორმაცია
იხილეთ ანკეტა

11 აპრილს დანიშნული ონლაინ კონფერენცია გადაიდო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას 11 აპრილს დანიშნული ონლაინ კონფერენცია გადაიდო.

ონლაინ კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება www.abkhazia.gov.ge აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდსა და Government of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა - ფეისბუკ გვერდზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

აფხაზეთის მთავრობასა და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებში.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის დამფუძვნებელი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.

პირველი გასვლითი ღონისძიება ზუგდიდში 11, 12 და 13 აპრილს ჩატარდება. სამი დღის განმავლობაში დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძე ადგილზე შეისწავლის არსებული მდგომარეობას, რათა ხელი შეუწყონ დაგეგმილი აქციის წარმატებით განხორციელებას.

აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კლინიკა „ენმედიცის" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები კლინიკის ვაკის ახალ ფილიალში ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და კლინიკის გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე დაესწრნენ.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძისა და ვაკის ფილიალის მენაჯერის ხათუნა გარდაფხაძის ორგანიზებით მოეწყო.

გამოკვლევებს კლინიკის სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. დევნილთა გამოკვლევები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემომარნდუმის ფარგლებში იმართება.

მემორანდუმის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია მომავალშიც განხორციელდება.

ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობი წევრები აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვა და განათლება - ეს ის თემებია, რაზეც დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ბათუმის ვიცე-მერი დავით ლეკვეიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  ვასილ ხორავა, რეგონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგო კვირტია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისის ზღვაზე ჩასახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

თბილისის ზღვაზე მცხოვრებ 1000-მდე დევნილს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-სპეციალისტების მაღალკვალიფიციური ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია დაესწრნენ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, დევნილებმა უფასოდ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები გაიარეს. თბილისის ზღვის რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში ორი ათასამდე ბენეფიციარი, მათ შორის ოთხასამდე ბავშვია რეგისტრირებული.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.

გამოკველევები იემრეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის მომავალი კვირიდან დაიწყება.