რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან ერთი მებრძოლის ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დავით ფაცაცია აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდსა და 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიალზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული ერთი მებრძოლის, დავით ზაქარაიას ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

რუსლან აბაშიძემ თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 69 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
 
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თამაზ ნადარეიშვილი არის ასევე აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.
აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის იმერეთის რეგიონში ექსკურსია მოეწყო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებისთვის, იმერეთის რეგიონში კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა მინისტრის აპარატის მიერ განხოციელებული პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ ბენეფიციარების, აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის ასაკის 30 ახალგაზრდის მონაწილეობით, იმერეთის რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების - გელათის სამონასტრო კომლექსის, ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას მონასტრისა და პრომეთეს მღვიმის მონახულებას.
ღონისძიება, რომლის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე საქართველოს კულტურული ღირებულებების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლება, მინისტრის აპარატის პროგრამის ,,მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში მიმდინარეობდა.
ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რისკების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით ტრენინგი ჩატარდა

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ირმა გელანტია-ახვლედიანმა და ცოტნე ხვიჩიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რისკების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) კოორდინირებით ჩატარებული ტრენინგი განპირობებულია ევროკავშირის წინაშე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით“.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ისაუბრეს რისკების გამოვლენასა და მათ მართვაზე, ასევე, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების დელეგირებაზე, ანგარიშგების სისტემების გაუმჯობესებასა და რისკის ოფიცრის განსაზღვრაზე.

სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრთან) აქტიურად განაგრძობს მუშაობასა და შეხვედრებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, გვინდა, რომ სხვა საჯარო უწყებებისთვისაც მაგალითი ვიყოთ და აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვის კუთხით ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი მოწინავეა.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით სამუშაო ჯგუფი უკვე შევქმენით და აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრთან).“ - დავით ფაცაცია

სპეციალური და შეზღუდული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებს ცნობიერების ამაღლების კურსი ჩაუტარდათ

ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ბიბლიოთეკა კულტურულ ცენტრ „თანადგომასთან“ ერთად, პროგრამის „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ ფარგლებში, სპეციალური და შეზღუდული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის „ცნობიერების ამაღლების კურსი“ ჩაატარა. პროგრამაში ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეების 30 მშობელი მონაწილეობდა. ისინი გაეცნენ ამ დარგში არსებული წარმოსახვითი უნარების განვითარებისა და გაცნობიერების სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეთა სწავლის უნარების განვითარების კუთხით აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

პროექტის ბოლოს მასში მონაწილე მშობლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

დავით ფაცაცია STEAM კონფერენციასა და პროექტების გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში STEAM კონფერენციას, პროექტების გამოფენას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთა მიერ მომზადებული STEAM პროექტების გამოფენა საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების პროექტებიც, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და STEM აკადემიის ერთობლივად ორგანიზებულ STEM განათლების 2 თვიან უფასო პროგრამაში არიან ჩართულები.

მოსწავლეებმა შესაბამისი სფეროს სპეციალისტებისგან კონსულტაციები და შეფასებები ადგილზე მოისმინეს და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, სამომავლოდ ახალი პროექტები დაგეგმეს.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, STEAM პროგრამის ორგანიზატორებს და იდეის განმახორციელებლებს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით სონღულაშვილს, რომლის ხელმძღვანელობით ჩვენი დევნილი მოსწავლეები ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ.

ჩვენ გვყავს უდიდესი ენერგიებისა და პერსპექტივების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დარწმუნებული ვარ გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოს ააშენებენ ძალიან მალე და დღევანდელ დღეს წარმოდგენილი პროექტების მსგავს პრეზენტაციებს აფხაზეთში განახორციელებენ.

თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმისთვის რასაც აკეთებენ. მჯერა, რომ ეს ყველაფერი უდიდესი ძალისხმევით, მონდომებით, ტექნოლოგიების მიმართ უნიკალური დამოკიდებულებით ხდება.

ჩვენი სკოლების წარმატებული ახალგაზრდები გვაძლევენ იმის რწმენას, რომ გავიმარჯვებთ ყველგან და ყველაფერში, რაც ყველაზე მთავარია საქართველომ უნდა გაიმარჯვოს ერთიანობითა და ძლიერი ახალგაზრდა თაობის დახმარებით.“ - დავით ფაცაცია

 

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.  

ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ის მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ  ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირების კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასო სწავლებასა და მათი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარებაზე, მათ შორის მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაზე. ასევე, ამ მიზნით ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

მემორანდუმის გაფორმების შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და კოლეჯის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.

კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს დაათვალიერებინა უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც კოლეჯის მოსწავლეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე დაიდება ინფორმაცია კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებშიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კოლეჯ „სპექტრში“ ისწავლება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის დევნილ მოქალაქეებს მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი დახმარებით ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა კოლეჯ „სპექტრსა“ და მის დირექტორს ბატონ მათე ტაკიძეს, იმისთვის რომ განსაკუთრებული ყურადღებით უდგება ჩვენს დევნილ მოქალაქეებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ არა მარტო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში, არამედ შემდგომ დასაქმებაში. ყველას, ვინც კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს კარგად აითვისებს, ფაქტობრივად გარანტირებული ექნება სამუშაო ადგილი, რაც ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.

ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და ძლიერი ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს უნდა ვისწავლოთ შრომა და მე მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.“ - დავით ფაცაცია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ თბილისის საკრებულოში შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მოადგილე იგორ კოპალიანთან ერთად, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძესა და კომისიის სამდივნოს უფროსს მამუკა ბალიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო ინიციატივების შესახებ იმსჯელეს.

„საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძესთან.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის თბილისის ქუჩებისთვის აფხაზეთის გამოჩენილი ადამიანების სახელის მინიჭების საკითხზე, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე.

სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ისეთი ქმედითი ღონისძიებების გატარება, რითაც საქართველოსთვის საამაყო შვილების, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების სახელებს დაუტოვებს მომავალ თაობებს.

მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს მხარდაჭერისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის.“ - დავით ფაცაცია

 

დავით ფაცაცია მთაწმინდის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, მთაწმინდის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოქალაქეებს ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მთაწმინდის რაიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას სამინისტროსა და მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ მათგან მოგვესმინა ის გამოწვევები, რომლებიც მთაწმინდის რაიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას და გაგვეზიარებინა ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.“ - დავით ფაცაცია

 

პროექტ „ნორჩი ფეხბურთელების“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით იჩენს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას და მათი მხარდაჭერით დღეს დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ ბათუმში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დასწრებოდნენ და ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილეები გამხდარიყვნენ“, - რუსლან აბაშიძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ „ნორჩი ფეხბურთელების“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის „სფფ – აკადემია რუხი“-ს ტერიტორიაზე პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს, სადაც მოზარდები 10-დღიან საზაფხულო სპორტულ შეკრებას გადიან და საფეხბურთო წვრთნებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი იწყება
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი იწყებს პროექტს „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“
პროექტი გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი 12 წლიდან 15 წლის ჩათვლით მოზარდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.
ბანაკის მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, პრაქტიკული სამუშაოები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.
30 მოზარდი შეირჩევა კონკურსის წესით.
პროექტი განხორციელდება დაბა შეკვეთილში 31 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.
 
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობის განვითარებას, მეომართა კავშირის საქმიანობის ხელშეწყობას, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების მხარდაჭერის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ასევე სხვადასხვა პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას.

დავით ფაცაცია დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხვდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს, რომლის მიზანია მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად, ამჟამად დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს, დიდუბის რაიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობაზე, მათ წინაშე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და განიხილეს სხვადასხვა ინიციატივები.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

„ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, ამ მიზნით მათთან უშუალო კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის ურთიერთობებს აქტიურად გავაგრძელებთ.“ - დავით ფაცაცია