ცნობილ ქართველ მევიოლინეს, აფხაზეთიდან დევნილ ვაჟა ჩუბინიძეს დღეს 70 წელი შეუსრულდა

ცნობილი ქართველი მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძე 1944 წელს ქ. სოხუმში, მსახიობების მიხეილ ჩუბინიძისა (სსრკ სახალხო არტისტი) და ფლორა შედანიას (საქართველოს სახალხო არტისტი) ოჯახში დაიბადა.

სოხუმის სამუსიკო სკოლისა და მოგვიანებით სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ  სწავლა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა, პარალელურად სოხუმის დრამატული თეატრის ორკესტრში მუშაობდა. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის წამყვან მუსიკოსად. 1967 წელს მოწვეული იყო საესტრადო ანსამბლ „აფსნი67"-ის სოლისტად. 1969 წლიდან დღემდე ეწევა პროფესიულ პედაგოგიურ საქმიანობას. არის საერთაშორისო, საკავშირო და ადგილობრივი ფესტივალების მონაწილე და უამრავი უმაღლესი ჯილდოს, სიგელისა და პრემიის მფლობელი, მათ შორის საერთაშორისო ფესტივალების: ქ. ლიეპაის (ლატვია) „ოქროს ქარვა", ვიტებსკის (ბელორუსია), ასევე გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუსეთის, ლიტვის, ესტონეთისა და კამბოჯის. გადაღებულია მრავალ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია „დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში", „თბილისი-თბილისი", „უკვე მრავალჯერ გადაფასებული" და სხვა.

ვაჟა ჩუბინიძეს 1985 წელს აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ცნობილი ქართველი მევიოლინე თბილისში აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატები სტუმრობდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ის დელეგატები სტუმრობდნენ, რომლებიც ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები და მოსწავლეები არიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, ახალგაზრდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი ჯაიანს შეხვდნენ. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრები და პროექტის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

დელეგატებმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლედ გააცნეს ის საპრეზენტაციო თემები, რითაც უნდა წარსდგნენ ნიუ -იურკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე.

პროგრამის ფარგლებში, 4-დან 14 თებერვლის ჩათვლით, პროექტის მონაწილეები იმუშავებენ სარეზოლუციო საგრანტო პროექტზე, დაესწრებიან კონფერენციებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის დისკუსიებსა და ვორკშოფებში. გრანტის მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის დასკვნით ნაწილში კი გამარჯვებულ პროექტს განახორციელებენ.

დელეგატები ასევე წარმოაჩენენ, ქართული ბრენდის „მარიგოლდის" მიერ შექმნილ ქართულ ტრადიციულ სამოსს, რომელშიც აფხაზური და ოსური ხაზიც იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის".

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები მსოფლიო მასშტაბით და გააცნოს მათ მეთოდები,თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულობას და დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას.

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2013 წლის კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. დევნილ ახალგაზრდებს მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გავზავამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ასპარეზზე შემდგომი წინსვლა და წარმატებები უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ესპანური ფონდის „ფინსოლის" მხარდაჭერით აფხაზეთის საჯარო სკოლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა.

2013 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში სრული კურსი ოქროს და ვერცხლის მედლებზე 16-მა მოსწავლემ დაამთავრა.

ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იაპონიის ელჩის მრჩეველ ჰიროკი ტოკუნაგასა და გრანტების კონსულტანტ თაე იამამოტოს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იაპონიის საელჩოსთვის აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტების გაცნობა და მათ განხორციელებაში საელჩოს მხარდაჭერა იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და თავმჯდომარის მრჩეველი ვასილ ბაბუნაშვილი.

ვახტანგ ყოლბაიამ საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში იაპონიის მხარდაჭერისათვის და ისაუბრა იაპონიის საელჩოს წვლილზე დევნილთათვის განხორციელებულ პროექტებში.

„ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიის წარმომადგენლების სტუმრობა ჩვენთან. ყველას კარგად გვახსოვს იაპონიის მთავრობის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. მათი განსაკუთრებული თანადგომა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც იაპონიამ საქართველოს 1 მილიონი დოლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას ასევე აღმოუჩინა 100 000-ზე მეტი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოს წარმომადგენლებს აფხაზეთის ახალი მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენი მთავრობა მუშაობას სექტემბრიდან შეუდგა. საქმიანობის 100 დღის შედეგები დევნილ მოსახლეობას ზუგდიდში, გასვლით სხდომაზე უკვე გავაცანით. ჩვენი პრიორიტეტია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება. თქვენთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოვემზადეთ, გავეცანით იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამას, რომელიც ჩვენს ინტერესებს ემთხვევა. აფხაზეთის მთავრობა სატრანსფერო ორგანიზაციაა და ფინანსურად ძლიერი არააა, გამოყოფილი თანხების 70 % ხელფასებს ხმარდება“, - აღნიშნა ყოლბაიამ.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო და ჯანდაცვის პროექტები და მათ განხორციელებაში საელჩოს ფინანსური მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„აფხაზეთის მთავრობას საკუთრებაში აქვს 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დასავლეთ საქართველოში. შევქმენით რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამი მიმართულებით მუშაობს: ერთწლიანი კულტურები და მეცხოველეობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება და სასათბურე მეურნეობების შექმნა დევნილთა დასაქმების მიზნით.

გვაქვს 55 000 კვადრატული მეტრი სასათბურე ტერიტორია.  დიდი პრობლემა გვაქვს დევნილთა დასაქმების მხრივ, ამიტომ, ორიენტირებული ვართ დევნილებს მივცეთ სამუშაო, იმის შესაძლებლობა, რომ თავად აწარმოონ ბიზნესი. მთელმა მსოფლიომ იცის იაპონიის დამოკიდებულება ამგვარი საკითხების მიმართ. პროექტების დასაწყებად გვაქვს მიწა, გვაქვს სურვილი, გვყავს მუშახელი, მაგრამ არა გვაქვს ტექნიკური საშუალებები მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად, სხვა საქმიანობის განსახორციელებლად. სწორედ ამ საკითხებში დახმარებისთვის მივმართავთ იაპონიის საელჩოს ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში დახმარების გაწევისთვის. ეს ხომ დევნილებისთვის მოტივაციასთან ერთად თავის რჩენის საშუალებაც იქნება. აქამდე ჩვენ ყოველთვის მომხმარებელი ვიყავით და მატერიალურს დიდს ვერაფერს ვქმნიდით, ახლა ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა ყოლბაიამ.

საქართველოში იაპონიის ელჩის მრჩეველი ჰიროკი ტოკუნაგა ყურადღებით გაეცნო ვახტანგ ყოლბაიას მიერ შეთავაზებულ პროექტებს და საელჩოს სახელით სრული მზადყოფნა გამოხატა მათი განხორციელების მხარდაჭერაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

„იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კარგად გვესმის, როგორი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; მათთვის უკვე განვახორციელეთ დიდი პროექტები ზუგდიდში, სოფელ ხურჩასა და ამბროლაურის რაიონში, მათ შორისაა სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ა. შ. ვფიქრობ, თანამშრომლობა თქვენს შემოთავაზებებზე ამჟამადაც შესაძლებელია. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის საკითხებში იაპონიას უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ტოკიო ძალიან დაინტერესებულია პროექტების წარმატებული მიმდინარეობით. ბუნებრივია, დაუყოვნებლივ მივაწვდით ტოკიოს ამ ინფორმაციას და ვფიქრობ, ამ პროექტებს მხარდაჭერა ექნება. ასევე სხვა ქვეყნის საელჩოებსაც გავაცნობთ თქვენს პროექტებს, შესაძლებელია, გარკვეულ პროექტებში ისინიც ჩაერთონ“, - აღნიშნა იაპონიის ელჩის მრჩეველმა.

ვახტანგ ყოლბაიამ ელჩის მრჩეველს ასევე იაპონური მხარის დახმარება სთხოვა ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურების საკითხში.

„აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მოწოდებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში გამოიყენოს მშვიდობიანი გზა, კომპრომისების პოლიტიკა, როგორც ჟენევის დისკუსიების მონაწილეს, შემიძლია განვაცხადო, რომ საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში ამ საკითხებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებებს ეხმაურება

აფხაზეთის დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრ" ვიაჩესლავ ჩირიკბასა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი გამოეხმაურა.

კომენტარი

ფილიპ ლეფორი: „ევროკავშირი მხარს უჭერს მსოფლიოს მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

ვიაჩესლავ ჩირიკბა: „არ არსებობს სამუდამო მტერი, ჩვენ შერიგების გზები უნდა გამოვნახოთ".

„ჩვენთვის საინტერესო და საგულისხმო იყო კომენტარი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „საგარეო საქმეთა მინისტრმა" ვიაჩესლავ ჩირიკბამ ფილიპ ლეფორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მუშაობა დაასრულა და ამავე დროს იყო ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარეც.

პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებამ მოისმინა მოსაზრებები, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილია ქართველებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, და რაღა თქმა უნდა, თავად აფხაზებისთვისაც. როდესაც დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს რომ: „იმედი ყოველთვის უნდა იყოს, რადგან არ არსებობს მარადიული მტერი. არის ვითარებები, ისინი იცვლება და ჩვენც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა. თავისით არაფერი კეთდება, მარტივი გზები არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთი საშინელი კონფლიქტისა და ომის შემდეგ".

არ შეიძლება ამ სიტყვებს არ დაეთანხმო, ვინაიდან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ჩვენი პოლიტიკის არსიც სწორედ აქეთკენაა მიმართული: „დიახ არ არსებობს მარადიული მტერი, არის გარემოებები, რომელიც იცვლება, ჩვეც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა".

თუ ეს სიტყვები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რეალურ პოლიტიკურ ნებად იქცევა, დაახლოების, შერიგების და ნდობის აღდგენის გზები აუცილებლად გამოინახება. პირდაპირი დიალოგის, სახალხო დიპლომატიის ფორმატს ალბათ რთულია ალტერნატივა მოუნახო. ამ ფორმატებში მუშაობა ორივე მხარისთვის უფრო პროდუქტიული და თანმიმდევრული იქნება. ბუნებრივია, ჟენევის დისკუსიებსაც დიდი როლი ენიჭება. დარწმუნებული ვარ, დროთა მანძილზე  ეს შეხვედრები უფრო მოქნილი გახდება და გარდატეხას შეიტანს მოლაპარაკებების პროცესში. ეს კი გაგვიყვანს ურთიერთსასარგებლო და ურთიერთმომგებიანი დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და, რაც მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთობების გზაზე."

ირაკლი ღარიბაშვილის საავტორო წერილი რუსულ გამოცემაში

რუსულ გამოცემა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ საქართველოს პერემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საავტორო წერილი გამოქვეყნდა სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი“. გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან.

ჩემს მთავრობას ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საქართველოს ევროპასთან მომავალი ინტეგრაციის გზას გაჰყვეს. ამასთან, არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველო, უარი თქვას ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისგან. ეს მოსაზრებები კიდევ უფრო მყარდება უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე. ისმის ასეთი კითხვებიც, თუ რა ზომებს გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაშისამხედრო ზეწოლას თუ "მსუბუქ ძალას"? დააწესებს თუ არა ხელახლა ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე? სამწუხაროდ, ეს შეკითხვები მოსახლეობის განწყობასა და უნდობლობის ხარისხს ასახავს. ბოლოდრინდელი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, თუმცა მათი უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს მთავარ გარე საფრთხედ მიიჩნევს“.

დღევანდელი ევროპა არ არის იდეალური, მაგრამ სად არის უკეთესი? მე-18 საუკუნეში, როცა საქართველო ცდილობდა, მოეპოვებინა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა, ჩემი წინაპრები მას ევროპულ ძალად და ევროპაში ხიდად მოიაზრებდნენ. 1918-1921 წლებში საქართველოს ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, გამხდარიყო განათლებული ევროპის წევრი. ვიზიარებ რუსი სწავლულების აზრს, რომ მოსკოვმა დღევანდელ კონტექსტში არ უნდა აირჩიოს საქართველო-ევროპას შორის კედლის ფუნქცია. ეს დიდი შეცდომა და წინდაუხედაობა იქნებოდა. და პირიქით: მოსკოვის მხარდაჭერა ევროპული საქართველოს მშენებლობაში დიდწილად გაამყარებდა მის ავტორიტეტს, გახდებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი სტაბილური და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნაში“.

საქართველოში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურას. ვიცით, რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ქართული კულტურისადმი რუსეთშიც. ჩვენი კულტურების ერთმანეთში გაცვლის შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება და ამაზე ბევრიც დაწერილა. მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენას აღვნიშნავ – თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი მოსკოვში, საზღვარგარეთ არსებულ საუკეთესო რუსულ თეატრად სცნეს. თანამშრომლობა ხორციელდება რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომლებიც აგვისტოს ომის ტრაგიკულ დღეებშიც კი ინარჩუნებდნენ ერთმანეთს შორის კონტაქტებს. სწრაფად ცვალებადი სამყარო და საერთო გამოწვევები არასტანდარტულ მიდგომებს ითხოვს. როცა ინტერესები თავსებადია, შეთანხმება ბევრ რამეზე შეიძლება, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვახტანგ ყოლბაია სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორს სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან შონიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან შონიას შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან შონიამ დევნილთა სოციალურ-ეკონომიური საკითხების გაუმჯობესებაზე, მათი პრობლემების მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე, გაცვალეს ინფორმაციები დევნილთა მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი

გარდაიცვალა ჯუმბერ ლომინაძე.

სახელგანთქმული მეცნიერი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

მწუხარებას გამოვხატავთ დიდი მეცნიერის გარდაცვალების გამო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ჯუმბერ ლომინაძის სახელი და საქმენი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა აფხაზეთიდან დევნილებს უმასპინძლა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი, „ვეფხისა და მოყმის ბალადა“, გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინციატივით აფხაზეთიდან დევნილები დაესწრნენ.

სპექტაკლზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც.

მაყურებლები დალოცა მეუფე ესაიამ. დევნილებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მინისტრმა ლელა გულედანმა. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ სპექტაკლს ესწრებოდნენ დევნილები შიდა ქართლიდან, მათ შორის ნიქოზიდან, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოიწვია. და რომ, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილების დარბაზში ერთად ყოფნა საქართველოს ერთიანობის იმედის გაძლიერებას ნიშნავს.

სპექტაკლი ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთა­ვისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიება „პრივატბანკ“-ის მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი „პრივატბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები „პრივატბანკთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, შეხვდნენ ბანკის წარმომადგენლებს.

ბანკის საკადრო მიმართულებაზე ისაუბრა კადრების სამსახურის უფროსმა და წარმოადგინა საპრეზენტაციო მასალა. ითქვა, რომ კადრების შერჩევის კრიტერიუმი არის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

აფხაზეთიდან დევნილთა შრომითი მოწყობის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, სოხუმის უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან ბანკის წარმომადგენლების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმებისათვის, საკადრო სარეზერვო ჯგუფის შექმნისა და სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფისათვის. გამოთქვა იმედი, რომ ის ფორმები და მეთოდები, რაც დანერგილია საბანკო სისტემაში, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების პროგრამა „პრომეთე“, ხელმისაწვდომი გახდება დევნილი ახალგაზრდობისათვის და მეტი შესაძლებლობა იქნება მათი დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის.

საქმიან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც შეისწავლის ორივე მხარე და ურთიერთშეთანხმების გზით მოახდენს მათი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერა“-ს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერა"-ს ეწვივნენ.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და კავშირის წევრებს შეხვდა და საზოგადოება „ჰერა"-ს სამუშაო გარემოს გაეცნო.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვების საჩუქრებზე კომპანებამ „კოკა-კოლა", „სანტე", „ტკბილი ქვეყანა" და „სმარტ-დისტრიბუშენ"-მა იზრუნეს.

ვახტანგ ყოლბაია გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს შეხვდა, მიულოცა სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები, უსურვა ჯანმრთელობა და აფხაზეთში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომელთაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვაღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს.

2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება",„ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი".

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის და განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი  დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით სათნოების სახლ „კათარზისში“ საქველმოქმედო საშობაო კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით სათნოების სახლ „კათარზისში" საქველმოქმედო საშობაო კონცერტი გაიმართა. „კათარზისში" მყოფი მოხუცებისთვის საშობაო კონცერტი „პატივი ეცი სიბერეს" აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. სახლის ხანდაზმულებმა საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიიღეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქეთევან ბაკარაძე და კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ კულტურის სამინისტროს - სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით მოეწყო. საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანია „ბარამბო"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

ახმეტელის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

ახმეტელის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის „საშობაო ზღაპარი" უფასო წარმოდგენა მოეწყო.

წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დაესწრო. სპექტაკლის შემდგომ კი დევნილ მოზარდებს კომპანია „ცეროდენა"-ს საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისთვის მომავალშიც მოეწყობა.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს საახალწლო საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილიმა მრავალშვილიანმა დედებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა მიიღეს

აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიღება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

მინისტრი დევნილ ბავშვებს და მრავალშვილიან მშობლებს გაესაუბრა და მათი პრობლემებიც მოისმინა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქარი თორმეტმა მრავალშვილიანმა დედამ და თვრამეტმა შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა მიიღო.