„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას „თბილისობა“ მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გივიაშვილმა.
„აფხაზურ ეზოში“ წარმოდგენილი იყო პერფორმანსი - აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების ელემენტებით; გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი, აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ქსოვილები. მოეწყო მასტერკლასები კალიგრაფიაში.
პრეზენტაციის მსვლელობისას სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.
ბოლოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენაზე პირველად წარსდგა მაყურებელთა წინაშე. აქვე მათ აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული პერფორმანსი აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების შესახებ, ელარჯის მასტერკლასი. გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი. მოეწყო აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ქსოვილების გამოფენა და მასტერკლასები კალიგრაფიაში.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის „გუმბათი“ მონაწილეობით შესრულდა აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები.
პრეზენტაციის ბოლოს, დიდ სცენაზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის პირველი გამოსვლა გაიმართა. დღესვე, ბავშვთა ანსამბლს აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.
„აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი საზოგადო მოღვაწის არზაყან ემუხვარის მემორიალურ დაფასთან იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში დაბადებული არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის სახელს უკავშირდება არაერთი ცნობილი და ისტორიული მოვლენა აფხაზეთში, მათ შორის ის გახლდათ 1905-1907 წლების რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი, რევოლუციის შედეგად შექმნილი „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი, 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს აფხაზეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც დაადგინა, რომ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით შესულიყო საქართველოს შემადგენლობაში. არზაყან ემუხვარმა ყველა ღონე იხმარა ამ დადგენილების მისაღებად, სწორედ ის აირჩიეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ.
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყან ემუხვარი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, რის შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.
შეხვედრა , ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გახსნა.
,,აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული "დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის" პროექტის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უკვე მესამე შეხვედრაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რაც ემსახურება ქართული დიასპორების სამშვიდობო რესურსის გააქტიურების ხელშეწყობას’’-განაცხადა ნანა გაბელიამ ემიგრანტებთან შეხვედრისას.
ღონისძიების ფარგლებში ემიგრაციაში მცხოვრები, დიდი ქართველი მამულიშვილის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.
შეხვედრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბედავამ გიორგი აფხაზის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ემიგრანტებს მისი შემოქმედება გააცნო.
დავით ფაცაცია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - რამაზ ჯინჭარაძესთან, ბათუმის ვიცე მერ - ლევან დავითაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან - ნათია კოპალიანთან ერთად, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები დასახეს.
გრძელდება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს და დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
აღნიშნული ფოტოგამოფენა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ პრაღაში, საქართველოს საელჩოსა და პრაღა 6-ის მერიის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ გაიხსნა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
გამოფენის დახურვას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, პრაღა 6-ის მერი ონდრეი კოლარჟი, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში. სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები უგულვებელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპებს ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოუწოდებს ბელარუსის მხარეს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაღის მე-6 ოლქის მერს, ონდრეი კოლარჟს შეხვდა, რომელიც ასევე ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
შეხვედრა ქართული დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პრაღა 6-ის მერის მოადგილე იან ლაცინა, ქართული დელეგაციისა და ჩეხური მხარის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ფილმის ავტორია მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი ქეთევან ხოსიტაშვილი, რომელმაც „კვირას“ ჯგუფთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა.
საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით არსებული რეალური სურათი. ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას გმირობასა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელმაც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას. მისი თქმით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის, როგორც საქართველოს ეროვნული გმირის, ისე ზოგადად, აფხაზეთის ომის და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის საზოგადოების წინაშე.
27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტორეპორტიორ შახ აივაზოვის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.
დღესვე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტის ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართა. საექსპოზიციო მასალები 2008 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს მხარდაჭერით შეიქმნა. საგანძურმა უკვე იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს ძალიან მძიმე დღეა, სოხუმის დაცემის დღე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებულმა შეიარაღებულმა მოქმედებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ, საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს უკეთეს და მშვიდობიან მომავალს “-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაკის პანთეონში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად და დევნილად საკუთარ სამშობლოში.
დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ჰყავს და აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. უთანხმოების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა.
ჩვენი გმირების სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით, გაძლიერებული ძალისხმევით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მივაღწიოთ შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას. მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ დაპირისპირების მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო ევროპული მომავლისა და კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას პროგრამაზე- „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ –
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მრავალწლიანი ნერგებით (კერძოდ: „ჩენდლერის“ ნიგოზის კაკალი; ქლიავი და ტყემალი) უზრუნველყოფის გზით.
ინფორმაცია ქვეპროგრამის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე
განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით იწყება 2022 წლის 27 სექტემბრის 12:00 საათიდან და სრულდება 2022 წლის 18 ოქტომბრის 17:00 საათამდე,
მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.
პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.
ასევე ლევან ჩაკვეტაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავასთან ერთად, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო.