აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ საერთაშორისო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სათბურის მშენებლობისათვის სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს დაფინანსება მოიპოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ, სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის (SLOVAK AID) ფარგლებში, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტი სკოლისათვის სათბურის მშენებლობას ითვალისწინებს.
დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნათია თევდორაძემ, და საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მატუშ ბუშოვსკიმ, მოაწერეს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა.
„მადლობას ვუხდით სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის და ამ ძალიან საინტერესო პროექტის დაფინანსებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ჩვენი სკოლის განვითარებასა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს, მისცემს მათ შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და ახალი უნარები გამოიმუშაონ,“ - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 50 კვ.მ ფართობის, სრულად აღჭურვილი სათბური, სადაც მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობების ჩატარებასა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებას. სათბური პრაქტიკულ სასწავლო პროცესში 110-მდე მოსწავლისა და 15 მასწავლებლის ჩართულობას უზრუნველყოფს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-პატრონობა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა შეისწავლონ.
აფხაზეთის საჯარო სკოლებისათვის სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსაგან მიღებული დაფინანსება პირველი არ არის. 2021 წელს სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პროექტმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოეწყო.
გიორგი შარვაშიძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია ,,გულანის“ ორგანიზებით, გიორგი შარვაშიძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მოადგილესთან, ანა გიორგობიანთან, ერთად დაესწრო.
საღამო მიზნად ისახავდა გამოჩენილი პოეტის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მრავალმხრივი შემოქმედებისათვის პატივის მიგებას. ხაზი გაესვა გიორგი შარვაშიძის უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებასა და ისტორიული კავშირების განმტკიცების საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისგან, დავით აღმაშენებლის სახელობის ენდალმითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
თბილისის საკრებულოში შეკრებილი მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართველი ხელოვანები, მწერლები, პოეტები და ანსამბლები, მათ შორის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი".
საიუბილეო საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ხელოვანები, მწერლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გიორგი ჯინჭარაძე სპექტაკლის „დაბრუნება მომავალში“ პრემიერას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის „დაბრუნება მომავალში“ პრემიერას დაესწრო.
 
სპექტაკლი გურამ ოდიშარიას პიესის „ზღვა, რომელიც შორია“ მიხედვით, რეჟისორმა თემო კუპრავამ დადგა. წარმოდგენა ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხსოვნას მიეძღვნა, რომლის რეჟისორობითაც ეს პიესა პირველად სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა.
 
სპექტაკლი გვიყვება ომის შედეგად დაშორებული ადამიანების ცხოვრებაზე, დაკარგულ სახლებსა და იმ საერთო წარსულზე, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხებს აკავშირებთ. წარმოდგენა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩატეხილი ხიდების აღდგენა, გაუცხოების დაძლევა და წლების განმავლობაში დაკარგული ნდობის დაბრუნება. საერთო ისტორია, კულტურა და ადამიანური ურთიერთობები ის საფუძველია, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მომავლისკენ მიმავალ გზას უნდა დაედოს.
 
პრემიერას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მწერალი გურამ ოდიშარია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი ესწრებოდნენ.
გიორგი ჯინჭარაძემ კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე „ოფთალმიჯს“ სტუმრობდა, სადაც კლინიკის ხელმძღვანელ გიორგი ჯავრიშვილთან შეხვედრა გამართა. ჯავრიშვილის კლინიკაში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯავრიშვილის კლინიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ოფთალმოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ერთობლივი სამედიცინო პროექტებისა და აქციების განხორციელებას.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა კერძო სამედიცინო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დევნილი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თავის მხრივ, გიორგი ჯავრიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილება და რესურსები აქტიურად მოახმაროს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს.

შეხვედრის ბოლოს მხარეები კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებსა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხუთ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ხუთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ სამინისტროსა და მეორე მხრივ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კოლეჯ ,,ახალ ტალღას“, კოლეჯ ,,ფაზისს“, ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა“ და კოლეჯ ,,მერმისს“ შორის შედგა.

„პროფესიული განათლება პრაქტიკული უნარების განვითრებისა და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის გავზარდოთ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა, განივითარონ პროფესიული უნარები და მაქსიმალურად შეძლონ თვითრეალიზება, რაც მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.

თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი პირებისთვის გაიზრდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე წვდომა. სამინისტრო კი უზრუნველყოფს თემატური შეხვედრების ორგანიზებას, არსებული პროგრამებისა და ინიციატივების გაცნობის მიზნით. შეთანხმება მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას, რაც დაეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ განვითარებაში.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტთა დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებასა და საგანმანათლებლო რესურსების ერთობლივ გამოყენებას.

მხარეები თანამშრომლობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებით გააგრძელებენ.

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნანა ხეცურიანის გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, ნანა ხეცურიანის პერსონალურ გამოფენას „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“ დაესწრო.

გამოფენა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ორნამენტები, ნაქარგები, მოზაიკა, ფერწერული ნამუშევრები და თექის ნამუშევრები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, რომელიც ხელით შესრულებულ ნაქარგებშია წარმოდგენილი.

მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აფხაზეთიდან დევნილი თითოეული ხელოვანის წარმატება ჩვენთვის ორმაგად ძვირფასი და საამაყოა. მათი შემოქმედება ჩვენი კულტურის, ისტორიისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ხელოვნებით ვაგრძელებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც თაობებს აერთიანებს, გვინარჩუნებს კავშირს ჩვენს ფესვებთან და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აცნობს ქართულ კულტურას, მის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

აფხაზეთის სახელობითი სტიპენდიების მფლობელ სტუდენტებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატები დაჯილდოვდნენ.
სტუდენტებს მოპოვებული სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, მიულოცეს და, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, სიგელები გადასცეს.


ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. სტიპენდიატებმა აუდიტორიის წინაშე თავიანთი შემოქმედება წარადგინეს - სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს, თავიანთი პროზაული ნამუშევრები წაიკითხეს და პრეზენტაციებით წარდგნენ.


დაჯილდოების პროცესში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საოპერო ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ, რომლის კლასის ორი სტუდენტიც გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიატი გახდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრები ალიონა ჩხოტუა და თენგიზ ნასარიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


მიმდინარე წელს სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი 3 პირველკურსელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.


გურამ ყურაშვილის, დიმა ჯაიანისა და ალექსანდრე შერვაშიძის სახელობითი სტიპენდიები სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის წელს პირველად დაწესდა. სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით შეირჩნენ. სტიპენდია ერთი სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით გაიცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ინტერპელაციის წესით, ბესიკ კუსიდის მოუსმინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის მოუსმინა.

სხდომაზე მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2027 წელს განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება როგორც არსებული პროგრამების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესება, ისე პროგრამებში ახალი კომპონენტების დანერგვა.

ბესიკ კუსიდიმ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქციებმა: „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ და „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ მიიწვიეს. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. 

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავთან, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძესთან ერთად, სტუდენტებს მოპოვებული სტიპენდიები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„გამოვავლინეთ 15 წარმატებული დევნილი სტუდენტი, რომლებმაც აფხაზეთის მთავრობის სახელობითი სტიპენდიები დაიმსახურეს. მიხარია, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტგალერეაში ასეთი ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტუდენტს, რადგან მათი წარმატება, მთელი ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. აფხაზეთის მთავრობა, რა თქმა უნდა სამომავლოდ გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ახალი პროგრამების განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დაჯილდოების ღონისძიებაზე სტიპენდიატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აუდიტორიის წინაშე თავიანთი შემოქმედება წარედგინათ, მოეწყო ციფრული გამოფენის ჩვენება და პრეზენტაციები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი 3 პირველკურსელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.

გურამ ყურაშვილის, დიმა ჯაიანისა და ალექსანდრე შერვაშიძის სახელობითი სტიპენდიები სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის წელს პირველად დაწესდა. სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით შეირჩნენ. სტიპენდია ერთი სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით გაიცემა.

გიორგი ძაძამია მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღებას დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, მიმართეს.

მიწვეულ მასწავლებლებს შორის იყო აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი რუსუდან ლომთაძე, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. წლევანდელ ლაურეატრებს საჩუქრად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოშვებული სამახსოვრო მედალიონები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ზოგადი განათლების რეფორმა – ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები“. მომხსენებლებმა ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს.

მიღებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი 12 მოზარდისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ჩართულობით ჩატარდა. სამხატვრო მასტერკლასს პროფესიონალი მხატვარი ნინო ქირია უძღვებოდა. მონაწილეები მათი განსაკუთრებული სახელოვნებო ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით შეირჩნენ.

მასტერკლასის ფარგლებში შექმნილი 12 საავტორო ნამუშევარი ერთიან საგამომცემლო პროდუქტში გაერთიანდება და 2027 წლის სამაგიდო კალენდრის სახით დაიბეჭდება. პროექტის ფარგლებში გამოყენებული სამხატვრო მასალები და შექმნილი ნამუშევრები მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

აღნიშნული აქტივობა მიზნად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი კულტურულ-შემეცნებით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავდა.

აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა კუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

თედო ქებურიამ, აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 2026 წლის კუდოს ევროპის ჩემპიონატზე, 18-წლამდელთა შორის ვაჟთა მძიმე წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა იზეიმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებულ ასპარეზობასა და მოპოვებულ ტიტულს.

აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ელენე კირთაძემ ბატუტზე ხტომაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატი, აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენი, ელენე კირთაძე, ჩინეთში გამართულ ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატში, სინქრონულ ხტომებში, მარიამ გაბრიაძესთან ერთად, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
 
ვულოცავთ ელენესა და მის მეწყვილეს მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალში კიდევ არაერთ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ. 
წყალტუბოში აფხაზეთის თემაზე შექმნილი სპექტაკლი „მაგნოლიები ამბებს ყვებიან...“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა სპექტაკლს „მაგნოლიები ამბებს ყვებიან...“ დაესწრო.
სპექტაკლი ოთარ პერტახიას პიესის ინსპირაციით შეიქმნა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეებმა, მათი პედაგოგის ხელმძღვანელობით, სცენაზე აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები და ისტორიები გააცოცხლეს. დადგმით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამშობლოს უპირობო სიყვარულს, გარდაუვალი დაბრუნების რწმენასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობას.
ღონისძიებას წყალტუბოს საკონცერტო დარბაზმა ,,ივერიამ“ უმასპინძლა. სპექტაკლის დაწყებამდე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და ფოტო-ზონები დაეთვალიერებინათ.
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, იმერეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისში ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, თბილისში ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. 18-წლამდელთა შორის შეჯიბრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაციისა და საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმი-ჯორჯია 2023-ის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირში საქართველოსა და სომხეთის სახელით 8 გუნდმა იასპარეზა. შეჯიბრის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი ,,ჰიუნდაი“ გახდა, მეორე ადგილი ,,გიგანტმა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ,,მუხბემ“ სომხური ,,Yerevan Foxes” დაამარცხა.

ფინალურ დაპირისპირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ანა გიორგობიანი, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მინისტრის მოადგილემ პრიზიორები ვალერი ჯგერენაიას შვილიშვილებთან ერთად დააჯილდოვა.

ვალერი ჯგერანაია სოხუმში დაბადებული სპორტსმენია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კალათბურთის განვითარებაში როგორც მოთამაშემ და შემდეგ მწვრთნელმა. წლების განმავლობაში იგი „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ირიცხებოდა, მისი სამწვრთნელო კარიერა კი ,,სოხუმი 91-სა“ და ს.კ. ,,თბილისს“ უკავშირდება.