აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 16 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (7 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული 4 მებრძოლის ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას დაესწრნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ერთიანი საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში.

სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ მიმართა. ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პორტალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა. მისი სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება.

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის რეგისტრაცია იწყება

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების, აგრეთვე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ის პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/pHi4daCYThQHVJdP9

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 5 სექტემბრის ღამის 00:00 საათის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 599 85 54 94; +995 599 09 22 39.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/19455SE5bz9FcGh7A

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 4 სექტემბრის ღამის 00:00 საათის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 599 85 54 94; +995 599 09 22 39.

საერთაშორისო დიასპორული პროექტის - „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო დიასპორული პროექტის - „საზღვრებს მიღმა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მიმართეს.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების, ბელგიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და აზერბაიჯანის (საინგილოს) ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეები და ორგანიზატორი - ნიდერლანდებში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკო დაჯილდოვდა.

​ღონისძიებაზე ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის - „დაბრუნება“, თეატრალური სტუდია „ArtPlaza"-ს და რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის ერთობლივი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის - HELLADOS-ის მიხედვით.

რუსლან აბაშიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რაზვან როტუნდუს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ რუმინეთის ელჩს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის პროცესი. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების შესახებ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნის პროცესზე.

სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შაორის ბანაკმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შაორის ბანაკმა უმასპინძლა.

პროექტში აფხაზეთიდან დევნილი, 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ აქტივობებსა და შეხვედრებში იყვნენ ჩართული. ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარები სხვადასხვა თემაზე და გაიმართა შემეცნებითი ღონისძიებები.

ბანაკის დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა აფხაზეთმა ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინა.

ახალგაზრდული ბანაკის მიზანია, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ქობულეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკი გაიხსნა.

საზაფხულო ბანაკში აფხაზეთის სკოლების მოსწავლეები დაისვენებენ. ბანაკის მონაწილეები ტრენინგ-სემინარების ფარგლებში გაიუმჯობესებენ ცოდნას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში. პროგრამა მდიდარია ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასიათის აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის საფუძველზე შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას.

საზაფხულო ბანაკში კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებიც ჩატარდება.

„საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკების“ მიზანია ახალგაზრდებში განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მოზარდებისთვის პოზიტიური ემოციებისა და განწყობის შექმნა.

პროექტი სამინისტროს ქვეპროგრამის „საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკები“ ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება.

დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ინსტრუმენტები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ინსტრუმენტები გადასცა

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ.

სწორედ, ასეთ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, სამინისტროს „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში, ჩვენს მიერ შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პირადად გადავეცით.

ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ უშუალო კომუნიკაციას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საქმიანობასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“ - დავით ფაცაცია

 

დავით ფაცაცია ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებას დაესწრო

ჭიათურის კულტურის ცენტრში აფხაზეთელი პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმის იდეის ავტორია კომპოზიტორი ია მაისაია, სცენარისტი ნინო ხოფერია, ხოლო რეჟისორი ზვიად მიქელაძე.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში "უვიწყარა" ყავავილებით შეამკეს მემორიალური დაფა და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პოეტის ხსოვნას.

„ქალბატონი ეთერი შესანიშნავი პოეტი და გამორჩეული აფხაზეთელი იყო, მართალია ის ჭიათურაში დაიბადა, მაგრამ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა აფხაზეთს. ყველამ იცის მისი ტრაგიკული ისტორია, თუმცა დოკუმენტური ფილმის კადრებმა მაინც სხვანაირად აგვაფორიაქა, აქ სხვაგვარად ჩანდა მისი ძალა, გმირობა, ბუნება, სილამაზე და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ ასეთ ადამიანებს და დავაფასოთ მათი მოღვაწეობა.

მჯერა, რომ „რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია“, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმში ურთიერთგაგებით, ერთიანობით და ჭიათურელი ქალბატონი ეთერი იქნება მისტიური, პოეტური, სულიერი სიმბოლო აფხაზეთის სიყვარულის, რომელსაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება და მას მალე სოხუმში მივაგებთ სათანადო პატივს, როგორც საერთო ტრაგედიას შეწირულ მსხვერპლს.“ - დავით ფაცაცია

 

რუსლან აბაშიძე საქსტატის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.

105 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ჩამოვიდნენ ევროკავშირის, კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის საქსტატის მიერ მომზადებული რამდენიმე ვიდეორგოლი იხილეს. მათ შორის, სტატისტიკის 105 წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, სადაც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი იყო სამსახურის დაარსებისა და მისი განვითარების ისტორია.

105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საპატიო სიგელი გადასცა საქსტატის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც სტატისტიკის სისტემაში უკვე 55 წელია მუშაობენ.

აღმასრულებელმა დირექტორმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყველა ყოფილი ხელმძღვანელი საქსტატის საიუბილეო მონეტით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა სტატისტიკის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და საქსტატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაცია კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ აღუთქვეს მხარდაჭერა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან კომუნიკაციის შედეგად და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანადგომით, ამ რეგიონის დევნილთა განსახლების ობიექტებში ამჟამადაც მიმდინარეობს საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვდება სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები ხორციელდება.

რუსლან აბაშიძემ თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თამაზ ნადარეიშვილი არის ასევე აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა.

ჟურნალ „რიწის“ ახალი, ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი და ვიზუალური თვალსაზრისით, რითაც მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისგან. ჟურნალი მრავალფეროვანია როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად და საინტერესო რუბრიკების ქვეშ ქართველ და აფხაზ პოეტებს აერთიანებს.

„რიწა“ 49-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემაა, მასში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, სულისკვეთება და ვიზუალური ელემენტებიც კი, რის გამოც, თანაბრად მისაღები და საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ისე ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდა მკითხველისთვის.

პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალ „რიწის“ ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.