აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გახსნეს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერაში საგანმანათლებლო რესურსებისა და ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობას.
გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი წარდგნენ.
ცენტრის მიზანი უნივერსიტეტისა და სხვა აკადემიური რესურსების გაერთიანება, სამშვიდობო განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებაა.
ახალი სივრცე სტუდენტებს, მკვლევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლონ სამშვიდობო მიმართულებით, ასევე, ხელი შეუწყონ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას.
ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერები, აკადემიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის ბაზაზე პირველი სამშვიდობო ცენტრი 2022 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. წელს აღნიშნულ ინიციატივას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდნენ.
