რუსლან აბაშიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების, უკანონო დაკავებების და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

რუსლან აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, ასევე ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკაზე.  

მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებს და ამ კონტექსტში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი მარკ ნორდბერგი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს გააცნეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, პროექტები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ადგილზე გაეცნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს, მოისმინეს მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა „ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“-ში მიიღეს მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში „ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“ გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერმა ქეთევან გორგოშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მიმართეს.

ღონისძიების ფარლებში, საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

ამბასადორიალზე გამართულ სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, საქართველოს როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დიპლომატიის და მიგრაციის საკითხები განიხილეს. ახალგაზრდა ელჩებმა წარმოადგინეს საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა. 

პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ძალისხმევით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, საქართველოს უცხოელ, ახალგაზრდა, მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.

აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ გიორგი გაბედავასთან ერთად, კემბრიჯის უნივერსიტეტის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საგანმანათლებლო რეფორმებისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელ სტივენ კინგს შეხვდა.

შეხვედრაში სქილვილის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე და სქილვილ-საქართველოს დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი მონაწილეობდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო. ყურადღება გაამახვილა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განათლების მიმართულებით არსებულ პროექტებსა და პროგრამებს, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდებით ახორციელებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, როგორც ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ პროექტებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძემ ფოცხოეწერსა და ხონში, შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, ბაგა-ბაღები დაათვალიერა.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ,გიორგი ჯინჭარაძემ
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (Tika) თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთან თუბა ოზუთოქთან ერთად, ფოცხოეწერსა და ხონში, შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, ბაგა-ბაღები დაათვალიერა.
 
ვიზიტის ფარგლებში, ასევე სოფელ რუხში Tika-ს მიერ დაფინასებული საყვავილე სათბურების სამუშაო პროცესს გაეცნენ.
 
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მის უწყებებთან მრავალი წელია თანამშრომლობს.
 
Tika-ს მხარდაჭერით დევნილთა ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მათი როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი გაბედავამ შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქ სტამბოლში მოქმედი ედირნექაფის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მინისტრის აპარატმა წიგნები გადასცა.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამძიმარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

ლიანა ისაკაძემ ვირტუოზული საშემსრულებლო და სადირიჟორო მანერისა და ბრწყინვალე ტალანტის დამსახურებით სიცოცხლეშივე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და პრემიის ლაურეატი.

მისმა მრავალფეროვანმა და უნიკალურმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო როგორც კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე ქართული სამუსიკო ტრადიციების განვითარებას.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას.

 

რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონში, ტაძრის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

1993 წლის 5 ივლისს მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.

კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები, უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/TvnPU

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2024 წლის 05 ივლისიდან 01 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური (თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68, მე-3 სართული).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +995 577 09 21 27; +995 577 34 85 34

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ სტამბოლში, აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.

შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება აფხაზეთის მთავრობისა და სტამბოლის აკადემიური წრეების ერთობლივი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მონაწილეებს რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაჰიის დულმუფინარის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის ბეიქენთის კერძო უნივერსიტეტის, ეროვნული თავდაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის ნიშანთაშის კერძო უნივერსიტეტისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთი მინისტრის აპარატისა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიმდინარე პროცესებს.

რუსლან აბაშიძემ პატრიარქს დეტალურად გააცნო ოკუპაციასთან და ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებული პროცესების ნეგატიური გავლენა აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.

მსოფლიო პატრიარქმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ურყევად დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა პატრიარქს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაციამ დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის 2ა და 2დ მისამართებზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.

ამ ეტაპზეც, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს სარემონტო-აღდგენით სამუშაოები.

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

კონცერტი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაწყებული ღონისძიებების ციკლი სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

კონცერტი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაიწყო და სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.