აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების წევრებისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის საინტერესო თემებზე. მან, ასევე, სამინისტროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ფრანკფურტის პარლამენტის პრეზიდენტს ჰილიმე არსლანერს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ფრანკფურტის პარლამენტის პრეზიდენტს ჰილიმე არსლანერს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ფრანკფურტის პარლამენტის პრეზიდენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები.

ფრანკფურტის პარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა. დარბაზში განთავსდა ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტის ფარგლებში ესპანეთიდან ჩამოიტანეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ჩხოტუების ოჯახის წარმომადგენლებმა.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.

ჩხოტუების ოჯახის გადაწყვეტილებით ჩარლზ ჩხოტუას ფერფლი, მისი ანდერძის თანახმად თბილისში ჩამოიტანეს და დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ჩარლზ ჰოვარდ ჩხოტუას ბებია, მამიდა და მამის ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული განისვენებენ. ადგილზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ჩარლზ ჩხოტუას ოჯახის წევრები - მეუღლე, შვილები, დისშვილი და შვილიშვილი ჩამოვიდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

დავით ფაცაცია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტ კრისტოფ რისს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის დასახეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მოსახლეობისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნის საკითხი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე.

„მოხარული ვარ, რომ ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტმა კრისტოფ რისმა გამოხატა მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობაზე.

მადლობას ვუხდი ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტს ჩვენი თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერისთვის.“ - დავით ფაცაცია

 

რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 200-ზე მეტმა პირმა მიიღო.
ლევან თევზაიამ უმაღლეს საბჭოში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ ინტერპელაციის წესის შესაბამისად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა თავის გამოსვლისას, უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მათ შედეგებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზეც ისაუბრა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია) პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

დავით ფაცაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი გოგოს -„სამირას დღიურების“ პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ აფხაზი გოგოს -„სამირას დღიურები“ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

წიგნში სამირა წარმოადგენს რეალისტურ მთავარ გმირს, ქართულ-აფხაზური ფესვებით, რომელიც ცდილობს გაგვაგონოს ხმა ენგურს მიღმა საქართველოდან. ის წიგნში დეტალურად აღწერს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

„მინდა აღვნიშნო, რომ რაც წიგნშია ასახული არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი, იმისა თუ რა ტიპის ცხოვრება ჰქონდათ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს 90-იან წლებში და შემდგომ პერიოდში.

განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩვენი ორი ძვირფასი ქალბატონის - ქეთი ხატიაშვილის და ჯილდა მაჭავარიანის, რომლებმაც სამირას წერილების წიგნად გამოცემის იდეა მოგვაწოდეს. დღევანდელ დღეს ბევრად მარტივია საუბარიც, მოქმედებაც, გადაადგილებაც და ა.შ., მაგრამ რამდენიმე წლის წინ, როცა ამ ქალბატონებმა ჩაიფიქრეს წერილების წიგნად გამოცემა, ეს ყველაფერი ბევრად რთული იყო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ყველანი ერთად შევქმნით იმ ნათელ მომავალს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, აფხაზებს სჭირდებათ. ჩვენ, ქართველებიც და აფხაზებიც 30 წლიანი ტრაგედიის შემდეგ მივხვდით, რომ ორივე მხარე ვიყავით ხაფანგში, რომელიც ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა დაგვიგო და გაიმარჯვა. შედეგად ჩვენ ერთმანეთი, ერთმანეთის ოჯახები, ერთმანეთის სიცოცხლე დავკარგეთ.

ახლა ვდგავართ იმ გზაზე, როცა უნდა გავაერთიანოთ ქვეყანა „მამულის, ენის, სარწმუნოების“ ერთობით. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენი ფასეულობები განწირულია ერთობისთვის, თუ აფხაზი ერი უნდა გადარჩეს, ის მხოლოდ ქართულ ეთნოსში და ქართულ სივრცეში გადარჩება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

მე მჯერა, რომ სწორედ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ქმნიან „სამირას დღიურების“ მსგავს ნაწარმოებებს, იქნებიან მთავარი მედროშეები ჩვენი ქართულ-აფხაზური ერთიანი სიყვარულის, სახელმწიფოებრიობის, თუ მომავლის მშენებლობის.“ - დავით ფაცაცია

 

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა დასრულდა

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია პირველობის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ, რომლებმაც „აფხაზეთის თასის“ მონაწილეები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. 

შეჯიბრი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებს სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო მომსახურებები გაეწია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სამინისტრო ცენტრთან ერთად მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
დავით ფაცაცია ქუთაისში წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისში, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ გამოსცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო“.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის „აფხაზეთი საქართველოა“ მონაწილეების საჩვენებელ ღონისძიებებს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე თბილისის რამდენიმე სკოლაში პროექტის „აფხაზეთი საქართველოა“ მონაწილეების საჩვენებელ ღონისძიებებს დაესწრნენ, სადაც დაიდგა სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკაზე, ასევე წარმოდგენილ იქნა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

პროექტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ვოი-ახალგაზრდების ხმის" ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, თბილისში მდებარე 50-მდე საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს საშუალება აქვთ აქტიურად ჩაერთონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის მიმართულ კამპანიაში, მეტად გაიღრმაონ ცოდნა და გაეცნონ მიმდინარე პროცესებს.

 

გურამ მისაბიშვილმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ჰუმანიტარულ აქციაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სენაკის დევნილთა განსახლების ობიექტში ჰუმანიტარული აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებშიც 430 დევნილ ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო და წარმატებულის სიგელები გადაეცათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ვახტანგ გადელიას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საბა ოდიშარიას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და წარმატებულ მოზარდებს.

ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სენაკის დევნილთა განსახლების ადგილში მცხოვრებმა დევნილებმა ერთად განიხილეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე არსებულ გამოწვევები და მათი მოგვარების გზები დასახეს.

 

„სქილვილში“ პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ ახალ და ძველ მონაწილეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირები, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, სრული დაფინანსებით სწავლობენ თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. 

მიმდინარე სემესტრში, მაღალი მოთხოვნის გამო დაემატა ახალი მიმართულებები. დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ 7 ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, მათ შორის: IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი. 

სასწავლო კურსი 3-დან 7 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.

პროგრამა „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილი ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციასა და დასაქმებას.