აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზური ენის თვითმასწავლებელი ელექტრონული სასაუბრო პროგრამის პრეზენტაცია ქ. ბათუმში მოეწყო

ქ. ბათუმში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში  შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი – ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა – ზეპირმეტყველება” დისკის პრეზენტაცია შედგა.. ელექტრონული სასაუბროს საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა. ღონისძიება აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

ამავე ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული წიგნი – „გული” წარუდგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, ამავე სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი სვეტლანა კუდბა, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება, ასევე აფხაზური ენის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა.