აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ ჩატარდა

აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ ჩატარდა.
 
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა.
 
ონლაინ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე მონაწილეობდნენ.
 
,,გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის აკრძალვამ და ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითმა რუსიფიკაციამ აქტუალური გახდა ქართული და აფხაზური ენების პრობლემა.
 
ვებინარის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და სამართლებრივი საკითხების შესწავლა , საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური გზების ძიება დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით"-განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
ვებინარს მოდერირებას უწევდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა.
 
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
 
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.