აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დებულება

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში  
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

დადგენილება № 56                                                          თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1

  1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 16​1 მუხლის შესაბამისად, სამართალშემოქმედების, ადამიანის უფლებათა დაცვის, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით.
  2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში - მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
  3. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
  4. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ე.

მუხლი 2

  1. მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. მინისტრის აპარატი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
  2. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
  3. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
  4. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

თავი II. მინისტრის აპარატის მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი

მუხლი 3

მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
გ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების მომზადება და მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სამართლებრივ საკითხებზე;
ვ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების  საკითხებზე აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

მუხლი 4

მინისტრის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის გამოვლენა და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-­ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების  გამოსაქვეყნებლად წარდგენა.
ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის, საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
ზ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
ი) დასახული ამოცანების განსახორციელებლად, ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
კ) გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
მ) აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ნ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების  საკითხებზე  ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელებაში ჩართულობა;
ო) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

თავი III. მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა და პერსონალი

მუხლი 5

  1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
  2. მინისტრი:
    ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
    ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
    გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
    დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს მინისტრის აპარატის შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
    ე) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
    ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
    ზ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
    თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
    ი) უფლებამოსილია მინისტრის აპრატის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
    კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
    ლ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
    მ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, მინისტრის აპარატის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
    ო) კანონით დადგენილი წესით აჩერებს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
    პ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
    ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
    რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
  1. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6

  1. მინისტრს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
  2. მინისტრის მოადგილეების საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
  3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის აპარატის საქმიანობას, მინისტრის დავალებით, ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.

მუხლი 7

  1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
  2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის აპარატის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვისდადგენილისამუშაო აღწერილობით.
  3. მინისტრის აპარატის შემადგენლობაში არიან:
    ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
    ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
    ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
  1. მინისტრის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.
  3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, მინისტრის აპარატის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.

მუხლი 8

  1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
  2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრსა და მინისტრის შესაბამის მოადგილეს კურაციის სფეროს მიხედვით.
  3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
    ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
    ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
    გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ერთეულში  მომზადებულ დოკუმენტებს;
    დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  მუშაობისათვის;
    ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
    ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
    ზ) მინისტრის ან/და  კურატორ მინისტრის მოადგილის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
    თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
    ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
  1. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის შიდა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
    ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
    ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
    გ) ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
    დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
    ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
    ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
    ზ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
    თ) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის, კურატორის მინისტრის მოადგილის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

თავი IV. მინისტრის აპარატის სტრუქტურა

მუხლი 9

  1. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
    ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი):
    ა.ა) საქმისწარმოების სამმართველო;
    ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველო;
    ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
    ბ) იუსტიციის დეპარტამენტი:
    ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
    ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
    გ) სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
    გ.ა) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო;
    გ.ბ) სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველო.

მუხლი 10

  1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:
    ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა. მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
    ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
    გ​) მინისტრის აპარატში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია; დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზება;
    დ) მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
    ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
    ვ) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვა; შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;
    ) მინისტრის აპარატის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
    თ) მინისტრის აპარატის ვებგვერდის პერიოდული განახლება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ვებგვერდზე განთავსება, მინისტრის აპარატის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;
    ი) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
  2. ადმინისტრაცია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულების:
    ა) საქმისწარმოების სამმართველოს  მეშვეობით უზრუნველყოფს:
    ა.ა) მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების)  პროექტების მომზადებას, ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას;
    ა.ბ) საქმისწარმოების ორგანიზებას, რაც მოიცავს: მინისტრის აპარატში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროულ მიწოდებას; კორესპონდენციების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს; ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; სხდომების საოქმო წარმოებას;
    ა.გ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
    ა.დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიული გამოქვეყნებას;
    ა.ე) მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
    ა.ვ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება;
    ა.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
    ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
    ბ.ა) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობასა და დაგეგმვას. ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას; სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელებას;
    ბ.ბ) მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებასა და  სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას;
    ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზებას; სტაჟიორების (პრაქტიკანტების) შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების (პრაქტიკის) გავლის უზრუნველყოფას;
    ბ.დ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობას;
    ბ.ე) მოხელეთა სამუშაო აღწერილობების პროექტების მომზადებას;
    ბ.ვ) მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
    ბ.ზ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
    ბ.თ) მოხელის დაწინაურებისა და გადაადგილებისას მის მიერ შესრულებული დოკუმენტური მასალის, კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატის შერჩევასა და წარდგენას;
    ბ.ი)  მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების პროცესის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მიღებას; მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადების წარდგენას; მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებასა და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;
    ბ.კ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების საფუძველზე მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენასა და მინისტრისათვის წარდგენას;
    ბ.ლ) მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავებას, დანერგვასა და დახვეწას;
    ბ.მ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგს, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოებას, აღრიცხვასა და ანალიზს;
    ბ.ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
    გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
    გ.ა) მინისტრის აპარატის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
    გ.ბ) მინისტრის აპრატის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით ბიუჯეტის ფორმირებას;
    გ.გ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის აპარატის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებას;
    გ.დ) მინისტრის აპარატის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
    გ.ე) მინისტრის აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელებას, ნაერთი ანგარიშგების შედგენას და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში წარდგენას;
    გ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინისტრის აპარატის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვას, ორგანიზებას და განხორციელებას;
    გ.ზ) მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოებას;
    გ.თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვის და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კოორდინაციას და კონტროლს.