აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა თხოვნით თბილისში, წყალსადენის 7 ნომერში, სასტუმრო „ბახტრიონში", ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი 1000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებმა დევნილებისგან მოისმინეს და განიხილეს ის პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ. დევნილთა თხოვნით, ვახტანგ ყოლბაიამ მათ აფხაზეთის ტელევიზიის აღდგენის მიმდინარე პროცესი გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში მიწების დამუშავებისა და დევნილთა დასაქმების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე დევნილებმა დასვეს საკითხი შიდა და გარე კანალიზაციის სისტემების მოწესრიგების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და საცხოვრებელი ფართის გაზრდის თაობაზე.შეხვედრის ბოლოს, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ხელშეწყობით აშენებული მამათა მონასტერი მოინახულეს და ლოცვას დაესწრნენ.
„ისე მოხდა, რომ აქამდე ამ კომპაქტურ ჩასახლებაში არ ვყოფილვარ, რაც ძალიან სამწუხაროა. მიკვირს ერთი რამ, რაც თითქმის ყოველ დევნილს ახასიათებს - ამდენი ტკივილი, ამდენი უსამართლობა, ამდენი პრობლემური საკითხი საბინაო პირობებსა თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მოუხედავად ამისა, არ შემხვედრია გაბოროტებული ადამიანი, არ შემხვედრია კაცი, რომელიც მოთმინებით და იმედით არ უყურებს თავის მომავალს. ავიღოთ თუნდაც გაფართოების საკითხი, 12 კვადრატულ მეტრში 7-8 სული ცხოვრობს. ათას ასი ადამიანიდან სამასი ბავშვია. ასეთი შობადობა კომპაქტურად ჩასახლებულ ბევრ პუნქტში არ მეგულება. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ ცხოვრებას ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ ასეთი დემოგრაფიული მონაცემი. ასეთივე პრობლემატურია მიწის დაკანონების საკითხი, რომელსაც დიდი ხანია ფლობენ ეს ადამიანები, ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ მოსავალი, მიწა ხომ მათი გამოკვების ერთ-ერთი საშუალებაა. მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაჭრა. საჭიროა კომპლექსური მიდგომაც და საკითხის განზოგადებაც. აუცილებელია ჩვენი მთავრობის მერიასთან კოორდინირებული მუშაობა, რომ ეს რთული საკითხები დროულად გადავწყვიტოთ. ბატონი დავით ნარმანია ბრძანდებოდა ამ ჩასახლებაში, მისთვის ეს პრობლემები ცნობილია და დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერი ამ საკითხს დევნილების სასარგებლოდ გადაწყვეტს. მაგრამ მარტო სახელმწიფოს გაუჭირდება ამ პრობლემებთან გამკლავება. საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ინვესტორების, დონორების მოზიდვა. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ. არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა მამათა მონასტერზე, რომელიც დევნილების დიდი ხელშეწყობით აშენდა. ეს დიდი შვებაა დევნილთათვის, როცა მათ სალოცავი აქვთ. ამ ეკლესიაში ლოცულობს ყველა და ალბათ ეკლესიის მადლია ისიც, რომ ათას ასი ადამიანისგან შემდგარ ჩასახლებულ პუნქტში განსაკუთრებული აურა იგრძნობა", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.