მიმდინარე წლის 12 თებერვალს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა წყალტუბოში, სანატორიუმ "გეოლოგში" განსახლებულ დევნილებს შეხვდა. შეხვედრის დროს სან. გეოლოგში მცხოვრებმა დევნილებმა აღნიშნეს, რომ იმყოფებიან გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში, რის დასტურადაც მოიყვანეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის წერილობითი დასკვნა. დასკვნაში წერია, რომ „ვიზუალური დათვალიერებით სანატორიუმ "გეოლოგის" შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შექმნილია აუტანელი და მობინადრეების ჯანმრთელობისთვის საშიში ანტისანიტარიული მდგომარეობა, ხოლო გასასვლელით დაკავშირებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული პროექტის საფუძველზე" (ამონაწერი დასკვნიდან).
შეხვედრაზე დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათი უმთავრესი პრობლემა ბინებით უზრუნველყოფაა და აღნინული საკითხის გასარკვევად და სასწრაფოდ მოსაგვარებლად ითხოვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების ახალშექმნილი სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ადგილზე შეხვედრას. წარმომადგენლობის მხრიდან აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე დევნილებს გაუწევს წერილობით შუამდგომლობას აფხაზეთის მთავრობის ზემდგომ სტრუქტურებში. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.
წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო და სხვა პროგრამების შესახებ.
დევნილებთან შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ კუხალაშვილი.