მთავარი/................/წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
წარმომადგენლობა სან."გეოლოგში" მცხოვრებ დევნილებს კვლავ შეხვდა

2020 წლის 26 თებერვალს წყალტუბოში, სან."გეოლოგში" მცხოვრები აფხაზეთიდან  დევნილების მიერ  წყალტუბოში დევნილთათვის მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ბინების მიღების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით,   წყალტუბოში დღის მეორე ნახევარში ადგილზე გავიდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები. აქცია გაშუქდა მედია საშუალებებითა (ტელევიზია) და სოციალური ქსელის მეშვეობით. დევნილებთან გასაუბრებისას ითქვა, რომ ისინი კვლავ აპროტესტებენ მათთვის ბინების ქულებით გადაცემის საკითხს და შენობის ავარიული და ჯანმრთელობისათვის საშიში სანიტარული მდგომარეობის გამო (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა), ითხოვენ უპირობო, უალტერნატივო გაყვანას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. დევნილებს მიეწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ (წარმომადგენლობის ჩართულობით) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსადმი საშუამდგომლო წერილის შესახებ. წერილში დეტალურად აისახა არსებული ვითარება და ის რომ სან. „გეოლოგში“ მცხოვრები დევნილები ითხოვენ სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას. მიმდინარე კვირაში მათ გამოეხმაურათ  სააგენტოს წარმომადგენლები, თუმცა მათთან შეხვედრის დროს შეთანხმება მაინც ვერ იქნა მიღწეული. დევნილების განცხადებით, სააგენტო კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით გაყვანის პოზიციიდან საუბრობს, რაზეც დევნილები კატეგორიულ უარს აცხადებენ, ვინაიდან, შენობა ყოველ დღე ინგრევა, ცვივა სამშენებლო მასალები, სინესტე მეხუთე სართულამდეც კი აღწევს, კედლებზე ამოსულია სოკოები და შენობის ყველა სართულზე ნესტის სუნი დგას. აქციაზე გაჟღერდა, რომ დევნილები გადიან კონსულტაციებს სახალხო დამცველის აპარატთან საკითხის სასამართლო გზით გადაჭრის მიმართულებით, თუმცა, იმედი აქვთ საქმე აქამდე არ მივა და მათი სურვილის გათვალისწინება მოხდება დაუყოვნებლივ.