აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„დიალოგი მშვიდობისათვის“ - დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში  აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობას შეხვდა. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე  კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე.  საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

 „ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ერთერთი მთავარი და მყარი პერსპექტივა მშვიდობიანად გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, რომლის უფლებები  ამ პროცესში ადეკვატურად იქნება დაცული,” - განაცხადა შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ.

მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებს აფხაზეთის მთავრობასთან.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ საზოგადოებას სამინისტროების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, წარმატებული ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი ადამიანები.

კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი  საზოგადეობის  ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად  მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.